USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 10 სექტემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  585

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და თბილისის საარჩევნო შტაბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მანვე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფებისადმი გამოჩენილი მოთმინებისთვის.

„ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო. რადიკალთა დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიას, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია - საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიას. ეს არის ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რაც დასრულდება თბილისის გამარჯვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მისთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმართვა და მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია.

„ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, ვაფასებ და ვუფრთხილდები ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ვისმენთ მათ ხედვებს, მათ პრობლემებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი ძალადობს და ბილწსიტყვაობს.

„ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ ალბათ, წლების წინ, გია ბუღაძის ინიციატივით, სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ზიზღი და შეურაცხყოფა დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ.

„ასეთივე დამაჯერებლობით“, ლიბერალური ფაშიზმის წარმომამდგენლები ახლაც ცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მომავალი პოლიტიკაში არ აქვთ და ყოველთვის განწირულნი იქნებიან მარცხისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სამზადისს, დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესს ხელს ვერავინ შუეშლის და თბილისის განვითარება გაგრძელდება.

„დავუბრუნდები ისევ არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ, მოდერნიზებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. თუ ისინი ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, დღეს სამგორის რაიონში გაიხსნა კიდევ ერთი რეაბილიტირებული, გახოკიძის ქუჩა.

„აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა ორი თვის წინ გავხსენით, ავტომობილებს გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ. დარჩენილი იყო მცირე სამუშაოები და დღეს უკვე დასრულებული ქუჩა გავხსენით. პირველი, რაც პროექტის ფარგლებში გაკეთდა, იყო მიწისქვეშა ქსელის რეაბილიტაცია, შეიცვალა არსებული კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ბოძები ლედ სანათებით, მოწესრიგდა ტროტუარები, მოეწყო საპარკინგე არეალები. ყველას გვახსოვს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც გახოკიძის ქუჩით სარგებლობდა, რამდენად მძიმე და ქაოტური მდგომარეობა იყო იქ. ადგილზე დარჩენილია მხოლოდ პარკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გაშლილია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან მათი ჩართულობით მოხდა 100-მდე უსახური ფარეხის დემონტაჟი. შედეგად ძალიან დიდი სივრცე გამოთავისუფლდა, სადაც ამჟამად პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები წლის ბოლოს დამთავრდება და ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია, გლდანის რაიონის მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსებთან განხორციელდა და სკვერის მოწყობას ითვალისწინებდა.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, მოსუფთავდა ტერიტორია და მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას. ზუსტად, მათი ჩართულობით მოხდა ფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც განთავსებულია ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. შეიქმნა ყველანაირად მოწესრიგებული სივრცე.

ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, განვაახლოთ მსგავსი სივრცეები და შევქმნათ ისეთი ადგილები, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ გართობის, დასვენების, ვარჯიშისა და განტვირთვის საშუალება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა, 20 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

„იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები, „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართებ, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. 21 სექტემბერს, 20:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება „თბილისობის“ საზეიმო კონცერტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან განახლდა განაცხადების მიღება კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე, რომლის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.

„კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა. შემოდგომის ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების უმეტესი ნაწილი ნამდვილად ემსახურება დასახული მიზნების განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის