USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 1 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  675

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. დეტალური დიზაინის პროექტი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მომზადდა.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. სწორედ ამიტომ, ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა ან შეცვლა არ განხორციელებულა.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა. რეაბილიტაციის შედეგად, პარკში განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, მოსასვენებელი პავილიონი, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანების ნაწილს.

„არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო ნერგები და დაიგო ბალახის საფარი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თბილისს შეემატა განახლებული, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა, რომელიც მორგებულია განსხვავებული ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეებზე. რამდენიმე დღის წინ დავათვალიერე სამუშაოები, ულამაზესი პარკი გამოვიდა. ხვალ, 20:00 საათზე გვექნება პარკის გახსნა და თავად ნახავთ, რა სილამაზე გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა თბილისის ანძის განვითარების პროექტზეც და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადუხადა.

„მთაწმინდაზე, სადაც მდებარეობს სატელევიზიო ანძა, ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, სარესტორნო არეალითა და გადმოსახედებით. დიდი ხანია აღნიშნულ პროქტთან დაკავშირებით ვმუშაობთ. არაერთი შეხვედრა გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან, როგორ უნდა განხორციელებულიყო სწორად, რომ შენარჩუნებულიყო მისი იერსახე. საბოლოო პროექტი, რაც მივიღეთ ულამაზესია. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. გვყავს ინვესტორი კომპანია „კასს ჯგუფი“, რომელსაც ამ ტიპის პროექტების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს. სამშენებლო ნებართვა გაცემულია. მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და პირადად მინისტრს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა.

კახა კალაძის თქმით, საბაგიროს ახალი გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს.

„დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული, თუმცა, თქვენი, თბილისელების გვერდით დგომით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული მიმართულება მთლიანად მოწესრიგებული იყოს. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ.

საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია. ეს ერთი მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს მეტროსადგურებთან კავშირს, რაც სატრანსპორტო მისაწვდომობას ზრდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.

„მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 000 მგზავრს მოემსახურება.

გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა. ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. კახა კალაძემ შესაბამისი დავალება ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს მისცა.

მისი თქმით, პრობლემური საკითხების განხილვისას, გამოიკვეთა, რომ ბაგების დასახლებაში, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება, საბავშვო ბაგა-ბაღი არ არსებობს.

„ბაგების დასახლება ძალიან იზრდება. როდესაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავდით, გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომ იქ არ არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღი. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს, რომ დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა ბაგებში აშენდეს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვაკის რაიონისთვის და კონკრეტულად, ბაგებში მცხოვრები ოჯახებისთვის. მომავალი წლიდან დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ბაგების დასახლებაში დაანონსებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებაც.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს.

„ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ეს მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება. ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრი ღია საცურაო აუზით, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი ასეთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს საცურაო აუზებით, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნებით, საჭიდაო დარბაზებით, სატრენაჟორო სივრცეებით, მედიათეკითა და კაფე-ბარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 100-მდე ბენეფიციარს სრულიად განახლებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსია, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ ეტაპზე სრულდება შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია და რემონტი წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 100-მდე ბენეფიციარს გადაეცემა სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. აღნიშნულ შენობაში გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი შენობა, რომელიც ასევე გამორჩეული ისტორიის მატარებელია.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე და სილამაზე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო ალამაზებს და მომხიბვლელს ხდის ჩვენს ულამაზეს თბილისს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დავამთავრეთ სამუშაოები, განვაახლეთ გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნები, ასევე, მიმდებარე ქუჩები. ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
გილოცავთ პეტრე-პავლობას !!!

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს თევზით არის ხსნილი. 12 ივლისს მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის