USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
კახა კალაძის გამოსვლა თბილისის მერიის სხდომაზე (09.07.2024)
Date:  

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი შედეგი, რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო; გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვებების მოლოდინი; კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს.

რამდენიმე დღის წინ, ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს. მართლაც ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს, ქართული ფეხბურთის მიმართ და სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც ჩვენს ბიჭებზე საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია ამ მიღწევით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. მადლობა მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებული ყოფილიყო. აქვე მადლობა მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და ვიცე-პრეზიდენტებს იმ შრომისთვის, რაც ეროვნული ნაკრების ამ წარმატებამდე მისვლისთვის გაიღეს.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, რომელმაც თავისი შრომით და ნიჭით ყველაფერი გააკეთა, რომ ეროვნული ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. მადლობა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს. ეს წარმატება და გამარჯვება შემთხვევით არ მოსულა. ამ ყველაფერს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. ეს სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. იყო რთული მომენტებიც, თუნდაც წინა ჩემპიონატზე გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტურნირზე გავსულიყავით. სამწუხაროდ, მაშინ მაკედონიასთან დავმარცხდით. ბევრს არ სჯეროდა ჩვენი ნაკრების, იყო ბევრი კრიტიკა, ხშირად დაუმსახურებელიც კი, თუმცა მთავარია რწმენა - გვჯეროდა, რომ ამ გზით და სულისკვეთებით წარმატებას მივაღწევდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ქართული ფეხბურთისა და ზოგადად სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლიერება გამოხატა საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რაც ჩვენი ბიჭებისთვის გააკეთეს. ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონია, თუმცა ჯგუფიდან გასვლისთვის ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა. ეს არის დაფასება და ზოგადად სპორტის მიმართ მისი დამოკიდებულება. ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს ქართული სპორტის, ფეხბურთის, რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, დავით ხოჭოლავას, რომელსაც ტრავმების გამო, საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია.

„მინდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას მიმართ. ის წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. სამწუხაროდ, მას ადრეულ ასაკში, ტრავმების გამო, საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია. მე კარგად მესმის სპორტსმენისთვის რა მძიმეა, როცა იძულებული ხარ, შენს საყვარელ საქმიანობას თავი დაანებო ტრავმების გამო. მადლობა მას იმ თამაშებისთვის, რაც ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა. დავით ხოჭოლავას ყოველთვის ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სულ იქნება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-3 კვარტლის „გ“ კორპუსში, სადაც 36 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება.

„არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. შედეგად, 36 ოჯახს გარემონტებული, სრულად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიმართა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს, იაქტიურონ და მუნიციპალიტეტის მერიას დროულად მიმართონ.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. მინდა, მივმართო მათ, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ. თუ იქნება ერთობა, მხარს დაგიჭერთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს.

„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოხმარება, თუმცა გვაქვს რესურსი შედეგების მატების. 2017 წელს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ, შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი. ამის მიზეზი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო. შესაბამისად, განვაახლეთ ავტობუსები, შემოვიყვანეთ ევროპული ტიპის ავტობუსები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება.

თბილისის მერის თქმით, ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.

„აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებებზეც ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს   მოსახლეობის სრული ინფორმირება დაავალა.

„ამ პერიოდში, ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. მიკროავტობუსების მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა, ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობაა.

„დაპირებისამებრ, განვაგრძობთ დედაქალაქში წყალარინების ქსელების მოწყობას. ამ მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რადგან არის უბნები, სადაც არანაირი კომუნიკაციები არ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ამჯერად, დავასრულეთ ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა, რომელზეც 1 000-მდე მოსახლე დაერთდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ივერთუბანში, დიდი კერძო დასახლებაა, სადაც არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციები და ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. ამავე დასახლებაში, წყალარინების ქსელის გამართული მუშაობისთვის, ორი წლის წინ სატუმბი სადგური მოეწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ადგილობრივებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ახალი საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობს.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე მერმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა.

„ამ დროისთვის, სამუშაოები გლდანის რაიონში მუხიანის აგარაკებზე და კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, წყალარინების ქსელების მოწყობას სოფელ დიღომში განვაახლებთ, სადაც სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და მოსახლეობის ნაწილი ცენტრალურ ქსელზე დავაერთეთ. წელს სოფელ დიღომში სამუშაოები იგეგმება დავით სარაჯიშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებზე. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 700 000 ლარით დაფინანსდება. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, ანალოგიური სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში, გუმათის ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.

მისი თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.

„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სკვერის მოწყობა დაიწყო გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მთავრობის დაპირების შესაბამისად ხორციელდება.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსახლეობის თხოვნა იყო, ასევე, ჩვენი დაპირებაც, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 100 000-მდე ლარი დაიხარჯება.

„ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია, შევიდეთ და მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ გვჭირდება ბევრი რეკრეაცია, ბევრი მწვანე სივრცე. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა, რაც 2017 წლიდან გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით, შენარჩუნდება. ბევრი პროექტი განხორციელდება. ჩვენ მსხვილი მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ამაზე კომუნიკაცია საზოგადოებასთან ცოტა მოგვიანებით გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way