USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
კახა კალაძის დღევანდელი განცხადებები თბილისის მთავრობის სხდომაზე (09.10..2024). სრულად
Date:  246
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილი გაიხსნა და საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
მისი თქმით, ბაგებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა.
„პირველი, რაც გავაკეთეთ, არსებული კაბელები მოვაწესრიგეთ და მიწის ქვეშ განვათავსეთ. გარდა ამისა, მოვაწესრიგეთ ტროტუარი და მოვაწყვეთ იქ, სადაც საერთოდ არ არსებობდა. უსაფრთხოებისთვის მოეწყო ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები; განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები; დამონტაჟდა მოსაცდელები და განათების ბოძები ლედ-სანათებით; დაიხაზა გზები, გამწვანების სამუშაოები კი ახლაც მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდება ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან კუს ტბის ასახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ კი უკვე ჩოლოყაშვილის ქუჩა მოწესრიგდება, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ 11 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც ქართველი გულშემატკივრები უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ნახვას შეძლებენ.
კახა კალაძის განცხადებით, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.
„11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. თამაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა მივცეთ, თამაშს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უყუროს. ჩვენ დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და შევძლებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ასე რომ, ვისაც დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ადგილზე კვების ობიექტები განთავსდება და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო. თამაშის დაწყებამდე, განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
„მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს.
მისი თქმით, სპორტულ ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები.
„მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე ადრე ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი. თავდაპირველად მის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ ვნახეთ, რომ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ასევე, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გადავწყვიტეთ მისი დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ცენტრით სარგებლობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება.
„აღნიშნული ცენტრის მშენებლობა-აღჭურვა დასრულებულია და ვიწყებთ მსურველთა რეგისტრაციას. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, სამომავლოდ კი დაემატება ფრენბურთის მიმართულებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არსებულ სკვერს შეემატა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორია, რითაც რეკრეაციული სივრცე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 1.5 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განახლებული.
„სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნული პარკის გახსნის ღონისძიებაზე დაპატიჟა.
„დედაქალაქში ბევრი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. ქალაქს მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი რესურსი აქვს. აღნიშნულ პარკს 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ გავხსნით. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„გასულ უქმეებზე დედაქალაქმა „თბილისობა“ იზეიმა. მოხარული ვარ, რომ თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა დღესასწაულმა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სამზადისში, რათა შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებში სასიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევდა. მართლაც ულამაზესი დღესასწაული გამოვიდა. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო არტისტებს, მეწარმეებს, კერძო კომპანიებსა და ყველა სხვა მონაწილეს, ვისი ჩართულობითაც არაჩვეულებრივად აღვნიშნეთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეები. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
„მინდა, მივმართო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს: მოემზადეთ, მეგობრებო. წელს გვექნება საოცარი, ჯადოსნური „საახალწლო სოფელი“, საკმაოდ მასშტაბური. ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი „საახალწლო სოფელი“ არა მხოლოდ საქართველოსა და თბილისში, არამედ ევროპასა და მსოფლიოშიც საუბრობენ ჩვენი დედაქალაქის საახალწლო დღეებზე. წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ყველაფერს და თქვენი როლი, მხარდაჭერა და ყურადღება მნიშვნელოვანია. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way