USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები წარადგინა
дата:  413
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
„ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან. ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას ვაკეთებთ და რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ცხადია, არც იმაზე გვიჭირს საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დედაქალაქი და რა პრობლემები გააჩნია. რა თქმა უნდა, გამოწვევებს და პრობლემებს არ გავურბივართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე კახა კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.
„დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა. ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, 10 000-მდე ასეთი საცხოვრებელი კორპუსია, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ურბანული განვითარების პოლიტიკის მეორე მიმართულება დაუმთავრებელი მშენებლობებია. მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში უკვე 12 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.
„მეორე მიმართულებაა დაუმთავრებელი მშენებლობები. ამ მიმართულებით მუშაობა როდესაც დავიწყეთ 12 000-მდე ოჯახი დაფიქსირდა ანალოგიური პრობლემის მქონე. ესენი იყვნენ სამშენებლო კომპანია „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტ პოინტის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულები. ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ პრობლემას და 12 000 ოჯახი გავაბედნიერეთ. ბევრს გადაეცა საცხოვრებელი სახლები, ნაწილი სამშენებლო ეტაპზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟსა და მათ ნაცვლად, რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც.
„ალბათ ყველას შეგვხვედრია ჩვენს უბნებში უსახური ავტოფარეხები, რომლებიც 90-იანი წლების გადმონაშთია. დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა - მოსახლეობის ჩართულობით, მსგავსი ავტოფარეხების აღება. ამაში მოსახლეობა არცერთ თეთრს არ იხდის და ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე. ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სტადიონები, რეკრეაციული სივრცეები, სკვერები მოვაწყვეთ. წინა ხელისუფლების დროს სპორტულ მოედნებს, პარკებს ასხვისებდნენ იმისთვის, რომ იქ მშენებლობები დაწყებულიყო. ცხადია, ჩვენ მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ და ქალაქის სწორი ურბანული განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ამას არ დავუშვებთ. დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი გვიჯდება მსგავსი სივრცეების გამოსყიდვა, რომელსაც შემდეგ თბილისს და თბილისელებს ვუბრუნებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა უბანში იყოს საათობრივი პარკირება. განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერონ ავტომობილი. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ თავიან ავტომობილებს, რა თქმა უნდა, პარკინგი უფასოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტროდამტენებზე საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში.
„ჩვენ ვახალისებთ ელექტრომობილებს დედაქალაქში და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, განბაჟების გადასახადი ელექტრომობილებზე ნულია და პარკირებაც ქალაქში არის უფასო. არის კონკრეტული 100 ლოკაცია, სადაც უფასოა ელექტრომობილების დამუხტვა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ტაქსების რეფორმაზე საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ სამი ეტაპი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, საზოგადოება იქნება დეტალურად ინფორმირებული.
„მულტიმოდალური ქუჩებისადმი თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. პირველი კითხვა, რაც როგორც დედაქალაქის მერს დამისვეს, ეს იყო ამ გადაწყვეტილებებში ხომ არ იქნებოდა პოლიტიკური მდგენელი გათვალისწინებული. ასეთი სიახლისადმი ყოველთვის ჩნდებიან უკმაყოფილო ადამიანები და პოლიტიკოსები ყოველთვის ყოყმანობენ პროექტის ბოლომდე მიყვანაზე. ჩემი პასუხი იყო: თუ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სწორ პოზიციას დავიჭერდით და ეს ასეც მოხდა. ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი. ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საუბრის დასასრულს კახა კალაძემ თბილისის ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი და მოწესრიგებული.
„რვა წელი იწურება, რაც დედაქალაქის მერი ვარ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უამრავი პროექტი განხორციელდა. რთულია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული იყოს, კიდევ უფრო მეტი განახლებული ქუჩა, გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს. ესენი არიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც შრომობენ, რომ თბილისი იყოს სუფთა, ლამაზი, პოპულარული. მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქთან მიმართებით აქვს. პოლიტიკური მხარდაჭერისა და გუნდური თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რაც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати