USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
კახა კალაძემ სარაჯიშვილის გამზირზე ახლად გამწვანებული სივრცეები დაათვალიერა
Date:  728

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

სარაჯიშვილის გამზირზე დასრულებული გამწვანების პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ გლდანის რაიონში, კონიაკის დასახლებაში. გზაგამყოფი სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ტრამვაი დადიოდა, მთლიანად მოწესრიგდა - მოეწყო ველობილიკი, სასეირნო სივრცე, გამწვანდა, გარდა ამისა, რეაბილიტირდა სარაჯიშვილის სკვერი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საპარკინგე სივრცედ იყო ქცეული. დღეს თქვენ ხედავთ, როგორი გამწვანებულია და მოწესრიგებულია. ასევე განხორციელდა ლიბანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროექტი. იქაც ხე-მცენარეები დაირგო, განათების სისტემა მოეწყო, საპარკო ინვენტარი განთავსდა, ბავშვებისთვის გამოიყო სპეციალური სივრცე, ასევე ტრენაჟორების სივრცე. ადგილობრივი მოსახლეობა ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, ჩვენი დაპირება იყო, რომ მოვაწესრიგებდით და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატული მეტრს შეადგენს, მოეწყო საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 104 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 668 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გზაგამყოფი გამწვანებული კუნძულები, სადაც დაირგო 174 ძირი ნერგი და 1 983 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.

სარაჯიშვილის სკვერში, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკო ავეჯი. აქაც, რასაკვირველია დაირგო 584 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 3 804 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.

რაც შეეხება ლიბანის სკვერს, 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დამატებით მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის სოკო, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი, ასევე განთავსდა საპარკო ინვენტარი, დაირგო 1 600 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 15 121 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებში, 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლო 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. აღნიშნული პროექტების ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way