USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძემ საკრებულოში მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თარიღი:  706

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე სივრცეების მოწესრიგება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.

„2022 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 347 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 923 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი და დამატებით მოეწყო 45 ახალი ქუჩა; თბილისის მერიის მიერ 38 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ პარკს, 362 სკვერს და 136 სპორტულ მოედანს; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 1 771 პროექტი, რაზეც, დაახლოებით, 40 მლნ ლარი დაიხარჯა; ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამურად, გამოიყო 82 მლნ ლარი; გარდა ამისა, 16 მილიონი ლარი ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტის მიმართულებით, 2022 წელს მერიის მხარდაჭერით, განხორციელდა 230 სპორტული ღონისძიება, დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გარდა ამისა, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი. განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კი, 3 954 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა.

„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტმა ქალაქის ქუჩების მოსავლელად, 86 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა; ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე 60-მდე სამშენებლო ობიექტზე მხარდამჭერი ღონისძიებებია გაცემული, რომლის ფარგლებშიც, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება 11 000-მდე დაზარალებული პირი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ფარგლებში. გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების („ჭკვიანი შუქნიშნები“, კამერები, დეტექტორები, მონაცემთა პლატფორმა და მართვის ცენტრი) შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება. აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის მიზნით. პროექტის განხორციელებით, შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, 2022 წელს დაინერგა საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის სრულყოფილი სისტემა, რის შედეგადაც, მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები ერთიან სისტემაში მოექცა.

„დაინერგა ელექტრონული ვადიანი სამგზავრო აბონემენტები; კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით/უძრავი ქონებით დაკმაყოფილდა 300-მდე პირი/ოჯახი; უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია 60-მდე ბინა; შეჭრილ, ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ოჯახებს თბილისის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის განმავლობაში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, დაახლოებით, 500 ოჯახს გადასცა; 2022 წელს თბილისის განვითარების ფონდმა მშენებლობის მიმართულებით, განკარგა, დაახლოებით, 24 მლნ ლარი, რომელიც მოიცავს, როგორც გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე 12 შენობის, ასევე თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული არეალის რეაბილიტაციას.

ამასთან, მიმდინარე წელს გამკაცრდა სანქციები ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა: სამშენებლო პროცესი, გარევაჭრობა, გარემოს დაბინძურება, მწვანე ნარგავების დაზიანება და ა.შ; 2022 წელს განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთის (ვაკის პარკისა და ბავშვთა ქალაქ „მზიურის“) ადგილმონაცვლეობა; ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება. ასევე, მიღწეულია შეთანხმება მოქალაქეებთან სამ მისამართზე, სადაც საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის