USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
თბილისი
კახა კალაძემ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
თარიღი:  901

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„მზიურის პარკში, იმ არეალში, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სივრცე კერძო საკუთრება იყო და თბილისელებს მივეცით პირობა, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდებოდა. მიხარია, რომ მიმდინარეობს აღნიშნული სივრცის მოწესრიგების, გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ პარკის ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდეს. დაახლოებით, 2,5 ჰექტარი დაემატება „მზიურის“ პარკს, სადაც მოეწყობა სატრენაჟორო სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, საპიკნიკე არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე უკვე დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
საზოგადოება
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს.

მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ - ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის მეუღლეს ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით დამდგარიყო.

„ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.

ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, - მიმართა ეკა კუპატაძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის