USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Tbilisi
კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა - სიის წევრები
Date:  856

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია გაიმართა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიის წევრები კახა კალაძემ შემდეგნაირად წარადგინა:

1. შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სპორტული კარიერის პარალელურად, მან მიიღო კარგი განათლება "ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის“ მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მართავს ფრანგულ და ქართულ საერთაშორისო კომპანიებს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიო მაშტაბით და თავადაც არაერთ ქართველ მეწარმეს გაუწია დახმარება, რათა ქართული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გასულიყო. შალვა არის 4 ვაჟის მამა, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც ერთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო სამშობლოში და აქ გაეზარდა შვილები. აი, ასეთი ადამიანი გვეყოლება ჩვენ თბილისის საკრებულოში.

2. თინათინ ნიბლოშვილი - განათლებით სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თიკო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, აქვს თბილისის საკრებულოში საქმიანობის დიდი გამოცდილება. მან ჩვენი ქალაქისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე წლებია მუშაობს თბილისის საკრებულოში ქალთა საკითხებზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო თიკოს!

3. ბექა დავითულიანი- ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით თბილისის მთავრობაში, ბექა სრულად არის ჩართული დედაქალაქის განვითარებისთვის მიმდინარე ყველა პროცესში. ბექა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მისი ინიციატივით თბილისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაწყდა. ამჟამად ბექას უკავია კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბექა არის ადამიანი, რომელიც საკრებულოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო წარმატებულს.

4. გურამ ნიკოლაშვილი- ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. იგი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს მედიასივრცეში, არის კომუნიკაციის კონსულტანტი და მუშაობს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით. გურამის განსაკუთრებული ინტერესის საგანია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფერო. მას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის კარგი გამოცდილება, იყო მედიათეკების გაერთიანების დირექტორი და ბიზნესაქსელერატორის ხელმძღვანელი. წარმატებები მინდა ვუსურვო მას!

5. ნიკოლოზ კახეთელიძე- ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი, თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. ნიკოს აქვს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება. მისი ხელმხელმძღვანელობით დაპროექტდა, აშენდა და რებილიტირდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნია ყაზბეგის საბაჟო, კარწახის საბაჟო, გაფორმების ეკონომიკური ზონა-2 თბილისში. 2021 წლიდან ნიკო თბილისის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის კომისიას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო!

6. ნინო ვარდოსანიძე- იურისტი, სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, იყო სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. მისი საქმიანობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლის უშუალო თანაავტორი გახლდათ. ნინოს ასევე აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომავალშიც დაეხმარება თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

7. ავთანდილ ცინცაძე- ქართველი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ჩვენი გუნდის აქტიური წევრი. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი. მისი ენერგია და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს და თბილისელებს.

8. კონსტანტინე ზარნაძე- განათლებით სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი. კოტეს საქმიანობას ყველაზე კარგად გლდანის რაიონის მოსახლეობა იცნობს, რადგან ყოველდღიური უწყვეტი ურთიერთობა აქვს მათთან. იგი აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაში და ზედმიწევნით იცის ყველა საკითხი, რაც გლდანის რაიონს და ზოგადად თბილისს უკავშირდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო კოტეს!

9. ბექა ოდიშარია - მას წარდგენა არ სჭირდება, საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ეკონომისტს, იურისტს, პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის წევრს, შეუპოვარ, მებრძოლ, პატრიოტ ადამიანს. ბექა წლებია აქტიურად არის ჩართული თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და დღესაც მზად არის თავისი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი მოახმაროს თბილისის განვითარებას.

10. ოთარ ჩრდილელი- ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის 2012 წელს, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“, შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. ვფიქრობ, ოთოს სახით თბილისის საკრებულო შეიძენს პროფესიონალ, გამოცდილ წევრს.

11. გიორგი ხუროძე- გამოცდილი ფინანსისტი, განათლება მიიღო მადრიდში, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში. გიორგის აქვს კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლებია წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა ფინანსურ და საინვესტიციო პროექტებს. დღეს გიორგი მზად არის, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს თბილისის განვითარებას.

12. კახა ბერაძე- ეკონომისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით სახელმწიფო და კერძო სექტორში. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის ფართო გამოცდილება საგადასახადო სტრუქტურებში, ანალიტიკასა და ადმინისტრირებაში. კახა გამოირჩევა სტრატეგიული დაგეგმვის, პროცესების მართვისა და მენეჯერის უნარებით. მისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს.

13. ლევან არველაძე- მასაც კარგად იცნობს ჩვენი მოსახლეობა. ლევანი წლებია საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება. არის პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და რაც მთავარია, თბილისის დიდი გულშემატკივარი.

14. ლევან აბაშიძე- სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ასევე დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და დიდი ბრიტანეთის ქალაქ იორკის უნივერსიტეტში (University of York) ევროპული საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. ლევანი მუშაობდა განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი. ამჟამად იგი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავჯდომარე. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს.

15. ალექსანდრე მუკათარიძე- მედიკოსი, დოქტორანტი, 2016 წლიდან დღემდე იგი ხელმძღვანელობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულ სამსახურს. არის სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის და ასოციაციის თავმჯდომარე. ახალგაზრდა, ენერგიული, პატრიოტი ადამიანია და მისი სახით თბილისის საკრებულო საქმის ერთგულ ადამიანს შეიძენს.

16. ნოდარ ბოკერია- კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი შეემატება საკრებულოს მისი სახით. ნოდარი იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელაი გაეროში, არის ოქსფორდის დიპლომატიური საზოგადოების წევრი, დუბაიში მსოფლიოს დიპლომატიური კონფერენციის გამარჯვებული. მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანია. მინდა, ნოდარს ვუსურვო წარმატებები!

17. მარიამ გრიგოლიშვილი- ვილნიუსის უნივერსიტეტის 4 გზის სტიპენდიანტი და სამართლის მაგისტრი, ადამიანის უფლებების სპეციალიზაციით. ასევე ეუფლება სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის სამართლის მიმართულებით. მარიამს გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო კურსი. წლებია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელია და მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე.

18. ლუკა ძაძამია- ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო.

19. ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი. ქეთევანი ჩუღურეთის რაიონის “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა, არის საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ამორჩეველთა ლიგის" დამფუძნებელი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას!

20. ლალი კოლომიკოვი- ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, აქვს კარგი გამოცდილება, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება თბილისის საკრებულოს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way