ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ] და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას არ ეყოლებოდა არც ერთი დაღუპული გმირი, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ქმედებები”.
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული
ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად”, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ მათ შორის, მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.
„ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. იქ ჩამოთვლილია, რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მათგანი არის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ზუსტად ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით გვევლინება და გარედან იმართება, ჰყავთ ერთი პატრონი. ვთქვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგება, ზუსტად ესენი ყველაფერს გააკეთებენ და შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს.
ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ”,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/