USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
Tbilisi
კახა კალაძე: ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ
Date:  956

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ამ პრობლემებთან გამკლავება საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად შევძლოთ გარკვეული სექტორების გადარჩენა. ყველა ამ ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ. ამასთან, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პირბადის ტარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

 
World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way