USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
თბილისი
კახა კალაძე: ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ
თარიღი:  885

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ამ პრობლემებთან გამკლავება საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად შევძლოთ გარკვეული სექტორების გადარჩენა. ყველა ამ ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ. ამასთან, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პირბადის ტარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

 
მსოფლიო
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის