USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
კახა კალაძე მუხიანში სკვერის გაკეთებაზე მომუშავე კომპანიაზე - 2 კვირის ვადა მიეცით, თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, ისე „გააშავოთ“, რომ ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს
Date:  490

თბილისის მერმა კახა კალაძემ ის კომპანია გააკრიტიკა, რომელსაც მუხიანში, მეოთხე A მიკრორაიონში სკვერის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები არათუ არ დასრულებულა, „არამედ ადგილი სანაგვედ არის ქცეული“.

მან გამგებელსა და თბილისის საქალაქო სამსახურს დაავალა, აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მიეცეს.

„მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ თემას. მუხიანში, კონკრეტულად, მეოთხე A მიკრორაიონში, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დასრულებულიყო პატარა სკვერის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1000 კვ.მეტრამდეა. ყველა გარემოება მესმის - პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც ჩვენ არავის გაგვიჩერებია არანაირი მუშაობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები, როგორი მოლოდინიც გვქონდა, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არცერთ პროექტზე არ შეჩერებულა, ყველგან მუშაობა მიმდინარეობდა. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის განმავლობაში უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, დღეს კაატასტროფული მდგომარეობაა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს, ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. დღეს არის მიტოვებული სამუშაოები. სკვერი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული, წყალი დგება. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა დაისვენოს, რა დასვენებაზე არის ზოგადად საუბარი, გავლაც კი შეუძლებელია. მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური, ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, შენც დაესწარი ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია, მიეცით 2 კვირის ვადა. 2 კვირის განმავლობაში, თუ ეს პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები მუნიციპალიტეტისა და გამგეობების ტენდერებში მონაწილეობას ვერ უნდა იღებდნენ. ჩვენ გასული წლების განნავლობაში ძალიან ბევრი კომპანია „გავაშავეთ“, ის კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ. ჩვენ თავზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს არის არის ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პროექტი განახორციელო, მაშინ არც ტენდერში არ უნდა შემოხვიდე და მონაწილეობა არ უნდა მიიღო. თუ ვინმე კომპანიას ჰგონია, რომ გამგეობის ტენდერში სამუშაოები ვერ შევასრულე, მერე რა, სხვა ტენდერებში მივიღებ მონაწილეობასო, ძალიან ცდება. ბოლომდე ჩავყვებით ყველას. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდოს.

დღესვე დაიბარეთ ეს კომპანია და ორი კვირის ვადა მიეცით, თუ სამუშაოებს ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ისე „გააშავოთ“, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს“,- განაცხადა კალაძემ.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way