დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე უძღვებოდა და მან რამოდენიმე საკითხზე შეაჩერა დამსწრეთა ყურადღება.
საკითხი პირველი - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება
- ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელი
„შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. არის ადგილები, სადაც გზა ჩავარდნილია. ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების გამორეცხვა, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანებულია. ეს გზის ჩავარდნას იწვევს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით. თუმცა, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოების წარმოება, თუ აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდება. მთლიანად მიწის ქვემოთ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები ათეული წლებია არ შეცვლილა და რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შეიძლება იყვნენ ადამიანები ვინც ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის, მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, თუმცა, გეტყვით. ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, მაგრამ ეს უბრალოდ წყალში გადაყრილი თანხა იქნება. თუ ჩვენ დღეს აღნიშნულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს არ შევცვლით, ხვალ ახალ გაკეთებულ საგზაო ინფრასტრუქტურაზე იგივე პრობლემები გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებამდე შეიძლება საზოგადოებამ დისკომფორტი იგრძნოს, მაგრამ ყველამ „უნდა გავიჭირვოთ“.
„ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელი. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვლება პროექტის ფარგლებში.
„დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი სანათებით, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც დღეს ჰაერში არის, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენს, ეს ყველაფერი მიწის ქვემოთ განთავსდება. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადადგილების მიზნით გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები, დაიხაზება „ზებრა“ გადასავლელები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ავტობუსის ზოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ავტობუსმა და მიკროავტობუსმა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზეც. მისი თქმით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოაჯირები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ა.შ.
საკითხი მეორე - 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს,
მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. „ბასლეინში“
1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რასაც ეს ეტაპი ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო ახალი სისტემით საქმიანობაში. 1-ლი აპრილიდან ასევე ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. „ბასლეინში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკითხი მესამე - 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი, - განაცხადა კახა კალაძემ .
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში სრულად განახლდა ავტობუსების პარკი.
"გვახსოვს ყველას წლების წინ თუ როგორი ტრანსპორტი ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. ასევე, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს და მომავალ წელს ქალაქს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსები.
ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. მგზავრთა ნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც. 23 დეკემბერში მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრ-მომსახურება. 2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული. ეს მონაცემი არის იმის მაჩვენებელი, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა კალაძემ.
საკითხი მეოთხე - მერია გამოაცხადებს კონკურსს, რომელიც სტრიტ არტის მიმართულების
ფესტივალებსა და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს
სტრიტ არტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე და ა.შ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება..
„ამჯერად გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტ არტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი ისინი მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.
ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა, კიდევ მრავალ საინტერესო ნამუშევარს შემატებს თბილისს და გარდა კულტურული ღირებულებისა, ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაც გახდება“, - განაცხადა კალაძემ.
საკითხი მეხუთე - ისტორიული უბნების განახლების პროგრამა,
რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს
„შეგახსენებთ, რომ შევიმუშავეთ პროგრამის ორი მოდელი: პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად ჩაანაცვლოს ავარიული შენობა-ნაგებობა ან ჩაუტაროს რეაბილიტაცია, თუმცა, ეს უნდა განახორციელოს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.
მეორე მიმართულება ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.