USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
კახა კალაძე მედიას - თუ ასე გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და მივიღებთ კონკრეტულ ზომებს
Date:  857

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

კახა კალაძის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.

„შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან. ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეიძლება ეს გამგეობის ან მერიის პროექტები იყოს, ახალი ბაღის მშენებლობა ან სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვიწვევთ მედიას, განურჩევლად ყველას. არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება საინფორმაციოებში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს? მოდიხართ, იღებთ არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან. სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხიდის მშენებლობის თაობაზე, შეიძლება თქვენი შეკითხვა ამ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი ვიღებ პასუხისმგებლობას, ვცდილობ, რომ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება ის კონკრეტული ინფორმაცია და არ მიეწოდება საზოგადოებას, მგონია, რომ ძალიან ცუდია. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მედიის როლი მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობის ინფორმირებაში.

„ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაგან ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვიღაცამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველა და ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მე, კახა კალაძეს და ჩემს გუნდს დაგვიჭირა მხარი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს თანაბრად ნაწილდება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება დაყოფა პოლიტიკური ნიშნით ან სარწმუნოების ნიშნით ან სხვადასხვა შეხედულებების მიხედვით. რასაც ვაკეთებთ, ყველას თანაბრად უნდა შეხვდეს, ამიტომ, მედიის როლი აქაც მნიშვნელოვანია და ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით თუ რა კეთდება, ვფიქრობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way