USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
კახა კალაძე გლდანის თეთრი ტბის, მუხიანის რეკრიაციას და მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ - თბილისის მერიის სხდომა
თარიღი:  464

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მესამე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. აღნიშნული პროექტით 26 ოჯახი ისარგებლებს.

„აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა კონსულტაცია, შევთანხმდით კორპუსის დემონტაჟზე, რომლის ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება. მოლაპარაკებების დროს ხშირად ადგილობრივები ითხოვენ ფართების გაზრდას, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი იძლევა ზუსტად იმ რაოდენობის ფართს, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროგრამით ბევრ ოჯახს დავეხმარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მომდევნო წლებში ავარიული კორპუსები ახალი საცხოვრებელი სახლებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

დედაქალაქის მერის თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის შესაბამისი კვლევები ჩატარდა. სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას.

„გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბები გაგვეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება.

„კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოს დაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების პარალელურად, თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებაა.

ამ მიზნით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მოძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა.

„გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტების განხორციელებით ეს ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ნაგავსაყრელზე, მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მისი ამ ფორმით შენარჩუნება. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო EBRD-ს თანამშრომლობისთვის, მათი ექსპერტების ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდება აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, მოიძიოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ნაგავსაყრელებთან მიმართებაში ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც დღეს თბილისშია, თუმცა დროთა განმავლობაში განხორციელდა თანამედროვე პროექტები, რომლებმაც ვითარება სრულად შეცვალა.

შესაბამისად, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისი აღნიშნულ გამოცდილებას გაიზიარებს და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება.

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობა და გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება, რომლებიც ვანდალიზმის შედეგადაა დაზიანებული.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, ასევე, დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილის საჭიროება და ქალაქში შერჩეულ 36 ლოკაციაზე, აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის, „სითი ბოქსის“ მიერ დამონტაჟდა საზოგადოებრივი საპირფარეშოები. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგით ირკვევა, აღნიშნული რეტერატები დაზიანებულია ვანდალიზმის შედეგად. ამ ფაქტების გამო, „სითი ბოქსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 150 განაცხადი აქვს წარდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეტერატების დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე „სითი ბოქსთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ აღადგინა დაზიანებული რეტერატები, გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების ფონზე, შეუძლებელი გახდა მათი გამართულად ფუნქციონირება. ამასთან, აღნიშნულ ადგილებში მერიის მიერ მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელთანაც სრულიად შეუსაბამოა დაზიანებული რეტერატები. ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, მათი დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გლდანის თეთრი ტბის გასხვისების სამართლებრივი დეტალების შესწავლის დავალება გასცა. ამასთან, განაცხადა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად, თბილისის მერია ტენდერს აცხადებს.

„აღნიშნული ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა. დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა. იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ. დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები სამი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.

„კვლევების შედეგების მიხედვით, შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე, განისაზღვრება მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული რეკრეაციული სივრცე სრულად განახლდა. დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

„იცით, რომ უკვე მეექვსე წელია, არ შეგვიწყვეტია გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. თბილისელებს ვპირდები, რომ კიდევ ბევრ მსგავს პროექტს განვახორციელებთ, რადგან ისე არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. ამჯერად, კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო; დამონტაჟდა წყლის სასმელი შადრევანი; ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები - მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო ხე-მცენარეები.

კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე ემატება ამჯერად კრწანისის რაიონს, კერძოდ, ფონიჭალას, სადაც, დაახლოებით, 1.5 ჰექტარ ფართობზე სკვერი მოეწყო.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება საკმაოდ გაპრობლემდა. გვყავდა ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია. ჯერ ერთთან მოგვიწია თანამშრომლობის შეწყვეტა, რადგან ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს კომპანია ჩაანაცვლა მეორემ, რომელმაც იგივე პრობლემები შეგვიქმნა. ამ კომპანიის გაშვებაც მოგვიწია და ძალიან გაიწელა აღნიშნული პროექტის განხორციელება. პროექტი მესამე კონტრაქტორმა დაასრულა. პრობლემების მიუხედავად, მიხარია, რომ ფონიჭალელებს დღეიდან შეეძლებათ, ისარგებლონ მრავალფუნქციური სივრცით, სადაც მოეწყო საბავშვო ზონა, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი; სკვერში ასევე, არის ველობილიკი, სკეიტ-პარკი, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. სკვერი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. ტერიტორია გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერის გახსნის აღსანიშნავად, დღეს, 15:00 საათიდან გაიმართება საბავშვო-გასართობი აქტივობები, 16:30 საათიდან - თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი, ღონისძიება კი დასრულდება ფოიერვერკით.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება. შესაბამის გადამზადებას 200-მდე მწვრთნელი გაივლის.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, იწყება თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა. გადამზადებას გაივლის 200-მდე მწვრთნელი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნობიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შემოტანილ თანამედროვე ტენდენციებს. მათ საერთაშორისო დონის სპეციალისტები გადაამზადებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი, კახა აბულაძე წარუდგინა. მან კახა აბულაძეს აღნიშნული საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა.

„კახა აბულაძე აქამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და მშობლიურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, მის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარს ბაგა-ბაღების განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.