13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს და ახლობლებს.
„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოს და დედაქალაქის ისტორიაში. გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა - ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, განადგურებული კონკრეტული ადგილები.
რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. ეს იყო დღე, როდესაც არ არსებობდა დიდი და პატარა. ყველა ვიყავით ერთიანი და საერთო ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას. ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და ერთობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თბილისის მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახაბერ გულედანი.
2015 წელს, ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დღემდე დაკარგულად ითვლება 2 პირი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/