USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თარიღი:  

თბილისის მერი წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.
„წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის ბაგების არეალი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის პრობლემა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ქსელები, ასევე პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარების არარსებობა, საპარკინგე სივრცეები. ძალიან ქაოტურად იყო ეს ყველაფერი და გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ.
პირველ რიგში, სრულად განახლდება კომუნიკაციები, ასევე, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქურა, განთავსდება მიწიქვეშა ურნები, მოეწყობა ტროტუარები და განათების ახალი სისტემა; ტერიტორია გამწვანდება და საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებულია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ავტომობილების საშვები უკვე გაცემულია.
„სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებული არის. გარდა ამისა, 5000-მდე საშვი დაშვებულია მათზე, ვისაც ავტომობილი ჰყავს. საოცარი იყო, რომ გავიგე, 5000 ავტომობილზე იყო საშვი გაცემული.
ტაქსების შემოსვლა შესაძლებელი იქნება. გზა ჩაკეტილია, რადგან ვიწროა. სამუშაოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები. ავტობუსი ფიზიკურად ვერ ივლის ამ მონაკვეთზე სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე. სივრცე არ არსებობს იმისთვის, რომ ავტობუსმა გაიაროს. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ავტობუსის შეშვება ამ მონაკვეთზე კატეგორიულად არ შეიძლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სპეციალური საშვები გადაეცა.
ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება ამ უქმეებზეც მუშაობს.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის