USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
კახა კალაძე: ჩემი ვალდებულებაა მოვინახულო ყველა, ვინც ტრაგედიამ დააზარალა და ვისი მადლიერიც ვარ
თარიღი:  241

დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის - მარიტას ოჯახს, მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!

რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადადაც, მზად ვარ, თუ ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.

ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია.

იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან დაწყებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.

რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის - დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს.

აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები.

ახლა კი, მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.

თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს.

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.