USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
კახა კალაძე - თბილისში 12 პრობლემური კვანძია, რაც პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
თარიღი:  589

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რა ახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე გავლენას.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნსაც კი ვერ აკეთებს, რის გამოც ასი ათასამდე მგზავრი მომსახურებას ვერ იღებს. კალაძის განმარტებით, მიზეზი პრობლემური სატრანსპორტო კვანძებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა, ან თუნდაც გზების რეაბილიტაცია, არამედ ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩების დიზაინს. ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების მოწესრიგება.

ამჟამად დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში. არსებული კვანძები უნდა მოწესრიგდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს კვანძები, ქუჩების და გამზირების მოუწესრიგებლობა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი მაგალითია მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ამ დროს როგორი პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით - ეს ორი ქუჩა ჩაკეტილი იყო, ქალაქში გადაადგილება ჭირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე აგვიანებს, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ტრანსპორტი ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვერ ემსახურება. ამას საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება, რომ თითქოს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი. არადა მარტივია, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებს - როდესაც 1500 ბრუნს ვერ აკეთებს ავტობუსი, ასი ათასამდე მგზავრი მომსახურების გარეშე რჩება, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გვაქვს წარმოდგენილი პრობლემური კვანძები, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის