USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
კახა კალაძე - სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თარიღი:  742

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, შენობის განახლების სამუშაოებს, სპორტის სასახლის მმართველი კომპანია ჩაატარებს.

„სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა.

სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“.

სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ბევრი პრობლემა, ხარვეზი აქვს და განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას საჭიროებს. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები მოძველებულია და ვეღარ პასუხობს სპორტის სასახლის დღევანდელ საჭიროებებს.

ამჟამად, სპორტის სასახლეს სჭირდება განახლება, რაც მისი პოტენციალის სრულ რეალიზაციას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მმართველი კომპანია განახორციელებს საინვესტიციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტის სასახლის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება კერძოდ:

მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, ვიპ-შემოსასვლელის, ავეჯის და სხვა სივრცეების მოწესრიგებას; იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება; სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა, კერძოდ: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის.

განხორციელებული სამუშაოები შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს როგორც სპორტულ, ასევე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს და ჰქონდეს მრავალფუნქციური დატვირთვა.

ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთვის ამ სივრცის მოწესრიგება ერთობ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის