USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
კახა კალაძე - „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6000-მდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება, ხოლო პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება და წესები გამკაცრდება
дата:  880

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, სადაც მთელი რიგი ცვლილებები იყო გაწერილი. პარლამენტმა კი ეს კანონი მიიღო.

„ვფიქრობ ამ ცვლილებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემები, რაც პარკირების მიმართულებითაა, ყველანაირად იყოს მოწესრიგებული და ქალაქში ყველამ იცოდეს თავისი ადგილი.

ცვლილებების თანახმად, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების შემთხვევაში, ჯარიმა არსებული 10 ლარის ნაცვლად, გახდა 50 ლარი. ეს სივრცეები არის გამოყოფილი მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე გვაქვს შემთხვევები, რომ არის ამ ადგილებში არა ელექტრომობილები, არამედ ჩვეულებრივი ავტომობილები დგანან, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ელექტრომობილების მფლობელებს. შესაბამისად, ჯარიმა, რომელიც იყო 10 ლარი, გახდება 50 ლარი.

ასევე, პარკირების ადგილებზე სხვადასხვა რაიონებში განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ავტომობილები თვეობით და წლობით იყო გაჩერებული, მაგალითად, კოტე აფხაზის და სხვა ქუჩებზე, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებს, აქაც ჯარიმა 10 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, განმეორებით შემთხვევაში კი გაორმაგდება ჯარიმა და იქნება 200 ლარი.

სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება მფლობელს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეეძლება, მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით. აკრძალული ნიშნის „აქ დგომა აკრძალულია“ და ა.შ. მოთხოვნის დაუცველობისას კი ჩვენს უფლებებს, მანქანის ბლოკირების უფლებაც დაემატება.

პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ-ვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის მას ჯარიმის თანხა 20 პროცენტით შეუმცირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6000-მდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჯარიმების ჩამოწერაზე, რომელიც ეხება „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. თქვენ იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ „სითი პარკთან“ და ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით 6000-მდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ეს ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მოყვა მხარდაჭერა და მინდა პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭრისთვის. ვფიქრობ, ეს ამნისტია, რომელიც განხორციელდა. ქალაქის მოსახლეობისთვის, ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати