კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
კალაძის თქმით, "ქართული ოცნებას” არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის.
ამასთან კალაძე იზიარებს „ლეგიტიმურ მოსაზრებას“, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა ეზრუნათ, რომ „სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე“ მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიეტანათ.
„ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გარშემო შექმნილმა დეზინფორმაციის კამპანიამ საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა, დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც გულწრფელი მოქალაქეები ევროპული მომავლის სასარგებლოდ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა.
საბედნიეროდ შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართალდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა.
მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა. მადლობა შს მინისტრსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც კანონის უზენაესობის, ევროპული ოჯახის ფუნდამენტური ღირებულების დაცვა მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა და უსაფუძვლო შეურაცხყოფების კასკადს ღირსეულად გაუძლეს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა ხალხის სამართლიან ნებას, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება. კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია.
ყველანი ერთად და ღირსებით ევროპისკენ !“, - წერს კალაძე.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/