USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
კახა კალაძე - მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი
Date:  613

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძე ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა , - ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ კახა კალაძე ავტომანქანა სალიზინგო-საიჯარო მფლობელობაში ჰყავს, რომლის ღირებულება არა 94 000 ევრო, არამედ 56 000 ევროა.

უწყების ინფორმაციით, „ჯი თი მოტორსთან“ გაფორმებული სალიზინგო-საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, კახა კალაძე ვალდებულია, კომპანიას ყოველთვიურად 1000 ევროს ექვივალენტი ლარში გადაუხადოს. ერთი წლის შემდეგ კი, თავად გადაწყვიტოს, დაიტოვებს ავტომანქანას თუ არა.

„სადილერო კომპანიების განცხადებით, მსგავსი სალიზინგო და საიჯარო ხელშეკრულება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც საქართველოში ყველა მსხვილი სადილერო კომპანია იყენებს. ამ ტიპის ხელშეკრულებით სარგებლობენ როგორც იურიდიული, ისე კერძო პირები. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კახა კალაძე შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება კომპანია „ჯი თი მოტორსს“ 29 აგვისტოს, ჯერ კიდევ მაშინ გაუფორმა, როდესაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ დახურულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი კომპანია „ჰიუნდაი“ იყო და საერთოდ არ იყო ცნობილი შემდეგი მონაწილის შესახებ“,- ნათქვამია ინფორამციაში.

კალაძის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც პოლიტიკაშია, ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს ვერავინ, რომ ვინმეს რაიმე წაართვა.

„მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა, როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა, თუმცა შეიძლება, კითხვებიც გაუჩნდათ. შესაბამისად, ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებინა ახსნა-განმარტებები და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა სრული სიმართლე. გარდა ამისა, ერთი რამ მინდა ვთქვა: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, რომ ვინმეს რაიმე წავართვი, ვინმეს სადმე ბიზნესში ჩავუჯექი ან ვთქვათ, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე. მე ვამაყობ, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩემი მხრიდან იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯები. ნამდვილად თავაწეული მოვდივარ მთელი ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავის ვუვარდები საკუთარ სახლში, როგორც ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ გააკეთა, არც დრონებს ვაფრენ მათ საცხოვრებელ ბინებზე და არც ვინმეს პირადი ცხოვრებით ვინტერესდები. მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ვალდებული ვარ, გაგცეთ პასუხები სიმართლით, კონკრეტული დოკუმენტაციით, როგორც ამ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, იმიტომ რომ ეს არის მათი ხელწერა. მითუმეტეს, არჩევნები ახლოვდება და ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არ ვაპირებ, ვინმეს თავი დავუხარო. როდესაც მართალი ხარ ადამიანი, როდესაც სიმართლით მოდიხარ, რა თქმა უნდა, გაქვს ძალიან დიდი ვალდებულება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად უპასუხო ასეთ გამოწვევებს. თუ იქნება კიდევ მცდელობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატით კონკრეტულ სიცრუეებზე, ცილისწამებებზე და ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, რაც შეეხება ტენდერს, იგი რამდენჯერმე გამოცხადდა და წინ უძღოდა ბაზრის კვლევა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო და ასევე, მიწოდებული ჰქონდა არაერთ კომპანიას. საბოლოოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა არა ერთმა, არამედ მინიმუმ სამმა კომპანიამ.

ტენდერის მიმდინარეობის შესახებ, მედიასთან კომენტარი თბილისის მერმა რამდენჯერმე გააკეთა, სადაც განმარტავდა, რომ პირველად გამოცხადებული ტენდერი სწორედ იმის გამო ჩაიშალა, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო და შეეთავაზებინა მერიისთვის რაც შეიძლება მაღალი ხარისხი.

„ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ამ გადაცემაში, თითქოს ჩვენ კონკრეტულ კომპანიას მოვარგეთ ტენდერი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა, დოკუმენტების შინაარსი რომ კონკრეტულ კომპანიაზე ყოფილიყო მორგებული. ეს არის შეუძლებელი, გამორიცხულია. გარდა ამისა, როდესაც შესყიდვები ხორციელდება, ცხადდება ელექტრონული ტენდერი და არის დახურული. კომპანიები ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერც ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მონაწილე. გარდა ამისა, სანამ ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებდით, ამას წინ უძღოდა შესაბამისი ღონისძიებები. გავაკეთეთ ფასთა მოკვლევა, ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და ბევრი კომპანია იყო დაინტერესებული. პირველად, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, ალბათ გახსოვთ, რომ შევწყვიტეთ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაშინ არ იყო მიკროავტობუსების შესყიდვის დრო, რადგან თანხები მიემართებოდა უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე. ამის შემდეგ ხელმეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, მათი ინტერესების გათვალისწინებაც მომხდარიყო სატენდერო დოკუმენტაციაში. ამის გამო შევაჩერეთ გამოცხადებული ტენდერი. ამის დამადასტურებელი ფაქტები და ჩემი ინტერვიუებიც არსებობს. 15 ივლისს გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც ყველა შესაძლო მონაწილე კომპანიის ინტერესები იყო გათვალისწინებული, იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მიეღო მონაწილეობა და მიგვეღო საუკეთესო პროდუქტი, ამ შემთხვევაში მიკროავტობუსები საუკეთესო ფასად“, - განაცხადა კახა კალაძე.

„ ე.წ. კრიტიკულმა მედიამ, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟის შექმნა არაერთხელ სცადა. მაგალითად, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის ტენდერზე მედია ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კომპანიის მონაწილეობის მიუხედავად, გამარჯვება რატომღაც „სტრადა ავტოს“ ხვდა წილად, რომელიც „ფიატის“ შემომყვანი კომპანიაა. ზუსტად ამავე კომპანია „სტრადა ავტოს“ ამჯერად ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემა მიკროავტობუსების ტენდერიდან გაგდებულად ასახელებს და ამტკიცებს, რომ იგი მერიამ „დაჩაგრა“.,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ინტერესებზე და მას ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონის სრული დაცვით.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way