USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
კახა კალაძე - 21 მარტს, ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება
Date:  515

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლება.

„როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენაზე“ ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს, ხოლო ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვა.

„არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ და ყველაზე პოპულარული სპორტია. გულშემატკივრების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ვიცი, გულშემატკივრობა რამდენად მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა ჩვენ ფეხბურთელებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way