USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
კახა კალაძე - მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში არის რამდენიმე დეფექტი, რომელსაც თავად მერია გაასწორებს, უპასუხისმგებლო კომპანიასთან კი ხელშეკრულება უნდა გავწყვიტოთ
дата:  316

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა შესრულებულია. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, შესრულებულ სამუშაოებს აქვს გარკვეული დეფექტები, თუმცა ამ დეფექტებს არა კომპანია, არამედ თავად მერია გამოასწორებს, რადგან კალაძის დავალებით შპს „მამისონთან“, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, ხელშეკრულება ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო წყდება.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებით, ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რამდენიმე პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია. ჯერჯერობით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მე რამდენჯერმე ხაზი გავუსვი იმას, რომ მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება, თუმცა აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური კომპანია, არის უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელება. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია შეძლებს აღნიშნული დეფექტების გამოსწორებას, რომელიც არის დადგენილი. ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე- მერს, მინდა დავავალო ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის ყველანაირად უპასუხისმგებლო კომპანია და არანაირი სურვილი არ გვაქვს არავის ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობის. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერც ერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას. ასეთი კომპანიები არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი. ამდენი ხნის განმავლობაში ელემენტარული დოკუმენტწარმოებას რომ ვერ ახორციელებ და შესაბამისი დოკუმენტაცია არ გაქვს წარმოდგენილი, პროექტის ცვლილებების განხორციელების, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ყველა ის სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და რაც არის გამოსასწორებელი, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. აღნიშნული კომპანია არის შპს „მამისონი“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати