USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
კახა ესებუა - ტანკების, მათი გამოყენების ტაქტიკის და უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ
дата:  336
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი კახა ესებუა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში ტანკების ოპერატიული გამოყენების ისტორიული და თანამედროვე შეხედულებების ფორმირებაზე საუბრობს: 
 
"მედია ძალიან ძლიერი რამეა. ძალიან მარტივად შეიძლება საკითხის აქტუალობა 0-დან 100-მდე გაზარდო რამდენიმე დღეში, რამდენიმე ადამიანის და ორგანიზაციის მიერ პარალელური განცხადებების და მათი ტირაჟირების ხარჯზე. ამჯერად ტანკების საკითხი პრაქტიკულად ჩრდილიდან უცებ გამოვიდა და დღეს ყველა ტანკებს გაიძახის, იმის მიუხედავად, ესმის თუ არა ეს საკითხი.
 
აქ დეტალურად არ განვიხილავ, თუ რამდენ და რომელ და რა მოდიფიკაციის ტანკებს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან. ამაზე ბევრი ინფორმაციაა ინტერნეტში. მოკლედ რომ ვთქვათ, საუბარია ამ ეტაპზე დაახლოებით 2 სატანკო ბატალიონის შესავსებად საკმარისი Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე, გარდა ამისა უკრაინას გადაეცემა 1 ასეული Challenger 2-ის ტიპის ბრიტანული ტანკები და 2 ასეული M1 Abrams ტიპის ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკები. ოღონდ სატანკო ასეული 100 ტანკს არ ნიშნავს (ვინც არ იცის). რუსული სტანდარტით სატანკო ასეული 10 ტანკია, დასავლური სტანდარტით 14.
 
ახლა ზოგადად, რაც შეეხება ტანკებს. ტანკები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა სამხედრო მეცნიერებაში, თუმცა მათი ოპერატიული გამოყენების მწყობრი შეხედულებების ფორმირება 30-იანი წლებიდან იწყება. საინტერესოა, რომ მისი ავტორი იყო საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი, შარლ დე გოლი. მან ეს ხედვა აღწერა საკუთარ ნაშრომში „მომავლის არმია“ (ძალიან საინტერესო ნაშრომია, წაიკითხეთ), სადაც ის სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ამტკიცებდა, რომ მომავლის არმია მექანიზებული და სატანკო ქვედანაყოფების გარეშე განწირული იყო და ამბობდა, რომ სატანკო ქვედანაყოფებს უნდა შეესრულებინათ მთავარი - გამრღვევი ფუნქცია შეღწევის ოპერაციებში, რაც გამოიწვევდა მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზების დეზინტეგრაციას და ჩამოშლას. მაშინ ვიცე-პოლკოვნიკ დე გოლს საფრანგეთში საკმარისად არ მოუსმინეს. სამაგიეროდ, მოუსმინეს გერმანელებმა, რომლებმაც ელვისებური სატანკო ბლიც-კრიგის კონცეპტი, როგორც ამბობენ სწორედ დე გოლის ნაშრომზე დააფუძნეს. ამ პერიოდში ტანკებმა სწორედ ეს ფუნქცია მიიღეს - მათ უნდა შეეღწიათ სწრაფად მეტოქის თავდაცვაში, გამოეწვიათ ქაოსი და დეზორიენტაცია, გაენეიტრალებინათ ოპერატიული გრავიტაციის ცენტრები და გზა გაეხსნათ ძირითადი ძალების შეტევისთვის.
ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ტანკების როლი ძალიან შეიცვალა. ცივი ომის დროს დიდი სატანკო შეტაკებებისთვის ემზადებოდნენ და ათასობით ტანკის დამზადება ხდებოდა. მხარეები ცდილობდნენ ტანკები ერთმანეთთან მიმართებაში უპირატესობის მოსაპოვებლად დაემზადებინათ, უკეთესი მანევრულობით, უკეთესი ჯავშნით, უკეთესი სწრაფსროლით, უფრო მსხვილი კალიბრით და ა.შ. საბედნიეროდ, ის ომი, რომლისთვისაც ცივი ომისას ემზადებოდნენ, არ შედგა. 2003 წელს შედგა ალბათ ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლები ერაყში, ბრიტანულ და ამერიკულ ტანკებსა და ერაყის შეიარაღებაში არსებულ რუსულ/საბჭოთა ტანკებს შორის. მაშინ დასავლურმა ტანკებმა ისინი დიდი უპირატესობით დაამარცხა, ისევე როგორც დასავლურმა კოალიციამ სადამის არმია.
 
სწორედ ერაყის ომის შემდეგ იწყება ტანკების ცხოვრების ბოლო ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება. ზუსტი ტანკ-საწინააღმდეგო შორს მსროლელი სისტემების (განსაკუთრებით top attack ტიპის) განვითარებამ ტანკების როლი შეამცირა. ისინი უფრო შორს ანადგურებენ ტანკს, ვიდრე ტანკს შეუძლია დააზიანოს მიზანი. ისინი ბევრად ზუსტია და ნაკლებ რესურსს მოითხოვს. ბუნებრივია ისინი თავდაცვაში უფრო გამოსადეგია, თუმცა მათ ეფექტს ნებისმიერ სიტუაციაში ანეიტრალებს. ბოლო პერიოდში, მოიერიშე და კამიკაძე უპილოტოების განვითარებამ ტანკი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. შედეგად, დღეს ტანკის როლი ბევრად მცირეა, ვიდრე ათწლეულების წინ. ეს მთიანი ყარაბაღის ომმაც ნათლად აჩვენა.
 
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის მხრიდან 1600 დადასტურებულად დაკარგული ტანკი თავის თავზე უკვე მეტყველებს. ამ ომში ტანკები ერთმანეთის წინააღმდეგ იშვიათად მოქმედებენ. სატანკო დუელები წარსულს ჩაბარდა. ისინი ძირითადად დახურული პოზიციებიდან ცდილობენ მიზნების დაზიანებას და მათი ძირითადი ამოცანა ქვეითების მხარდაჭერა და დაცული საცეცხლე პოზიციების განადგურებაა. რაც შეეხება შეტევას, უკრაინამ ყველაზე დიდ წარმატებას ტანკების მინიმალური გამოყენებით, მსუბუქი ჯავშანტექნიკით სწრაფი გარღვევის გამოყენებით მიაღწია ხარკოვის მიმართულებაზე.
 
ხან ტელევიზორში, ხან სოც ქსელებში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე თვალი მოვკარი „ექსპერტების“ მიერ უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების ჭკვიანურ ანალიზს, რომელი უფრო შორს ისვრის, რომელი რა სიჩქარეს ანვითარებს და ა.შ. ეს ძალიან უსარგებლო საქმეა. ამ ეტაპზე ტანკების ხარისხი ამ ბრძოლაში ძალიან მე-100 ხარისხოვანია. საუკეთესო რუსული ტანკებიც ხელში ჩაიგდო ან გაანადგურა უკრაინამ, როგორიცაა T-90M, რომელიც მართლა ბევრი არაფრით ჩამორჩება დასავლურ ანალოგებს (მთელი ელექტრონიკა და ოპტიკა დასავლური აქვს). Javelin-ის წინაშე ყველა ტანკი თანასწორია.
 
ამ ეტაპზე, უკრაინას ბევრად დიდ დახმარებას T-72-ები გაუწევდა, ვიდრე დასავლური ტანკები, რადგან მას უკრაინელები იცნობენ, აქვთ ნაწილები, იციან მომსახურება. საბრძოლო მასალების დამზადება აღმოსავლეთ ევროპაში უპრობლემოდ შეიძლება.
მოცემულ მომენტში, უკრაინას ჯავშანტექნიკიდან ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები ბევრად უფრო ჭირდება, ვიდრე ტანკები - ტანკებისგან განსხვავებით მათ შეუძლიათ პირადი შემადგენლობა უსაფრთხოდ მიიყვანონ ოპერაციის რაიონში, გაუკეთონ საცეცხლე მხარდაჭერა და უკან სწრაფად გამოვიდნენ დესანტთან ერთად, ტანკის 120-125 მმ-იანი ცეცხლის ჩანაცვლება კი იმდენი საშუალებით შეიძლება, რომ ხელის თითები არ მეყოფა ჩამოსათვლელად.
 
ამ ეტაპზე, უკრაინისთვის საკვანძოა სწორედ ამ ტიპის ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები და საავიაციო რაკეტები. და რა თქმა უნდა ბევრი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ტანკების ჩათვლით."
спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати