USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ჯოზეფ ბორელი - მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს - მონიტორინგს გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს
дата:  946

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, შესაბამის შეფასებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო.

„ჩვენ გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ. მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.

ჩვენ ვწუხვართ, რომ [საქართველოს] ოფიციალური აქტორებიდან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ქართული ხმები უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ, რომლებიც გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა, გარკვევით ვთქვა: არა, არა! ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონური ვერ ვიქნები, ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ამ განცხადებას მხარს 27 წევრიდან 26 უჭერს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ეს [საქართველოში არსებული] დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია, ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს - შეამცირებს საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გაზრდის.

„პარალელურად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გავზრდით. ჩვენ დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. მე მოქმედების ვარიანტების დოკუმენტი გავავრცელე, ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს. ჩვენ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერას განვიხილავთ. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати