ევროკავშირმა რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას თავი უნდა დააღწიოს და კრემლს უნდა ჩამოართვას შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი, რომელიც მან უკრაინაში დაიწყო. ამის შესახებ დღეს, ევროპული პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ კვლავაც ვრჩებით მოწყვლადი ჩვენ ენერგეტიკულ კავშირებში. როდესაც საუბარი მიდის ნავთობსა და გაზზე, ჩვენ ვიხდით რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ეკვივალენტს. ჩვენ დავბლოკეთ ეს რეზერვები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიჩერებია ენერგომატარებლების ნაკადი. ამდენად, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არს ის, რომ შევწყვიტოთ ეს წვდომა რუსეთის ეკონომიკისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ეს ნაკადი, რომლებიც მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ რესურსები, რომ დააფინანსონ ეს ომი“, - განაცხადა ბორელმა.
მანვე გაიხსენა, რომ გუშინ ევროკომისიამ წარმოადგინა ზომების პაკეტი მაკროეკონომიკურ დონეზე, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე ორი მესამედით.
„ეს მძიმე ამოცანაა, მაგრამ მიღწევადი, თუკი ჩვენ ნამდვილად გვსურს ამას მივაღწიოთ. ეს მოითხოვს მაკროეკონომიკურ და ტექნიკურ ზომებს. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებმა უნდა შეამცირონ სახლებში ტემპერატურა. ყველამ ინდივიდუალური ძალისხმევას უნდა მიმართოს, როდესაც საუბარია გაზის მოხმარების შემცირებაზე“, - განაცხადა ბორელმა.
მანვე გაიხსენა, რომ ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირება რუსულ გაზზე აშკარა იყო ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა. იმ დროიდან ევროკავშირმა გაზარდა დამოკიდებულება რუსეთზე. მისი განცხადებით, ახლა დადგა დრო, რომ სისტემურად, პერმანენტულად და არსებითად შემცირდეს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რათა აიძულონ ომის შეწყვეტა და ამისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ, რომლებიც მოიცავს 100-მდე ადამიანს სხვადასხვა დონეზე, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან არიან კავშირში. ვიმედოვნებ, რომ ეს პაკეტი დღესვე იქნება მიღებული“, - განაცხადა ბორელმა.