USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ჯოშუა კუჩერა - ალბათობა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ოთხი კონგრესმენის წერილზე პომპეო და მნუჩინი რეაგირებას მოახდენენ, ძალიან დაბალია
дата:  619

„ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მთავრობის რუსეთთან კავშირების გამოძიებას ითხოვენ“, – ამ სათაურით სტატიას „ევრაზიანეტი“ ავრცელებს. პუბლიკაციის ავტორი ჯოშუა კუჩერა წერს, რომ „ბრალდებები, რომელთაც, საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან.“

„საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა თბილისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში.

15 მაისს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის სახელზე გაგზავნილ წერილში ოთხმა სენატორმა (მათ შორისაა სენატორი ტედ კრუზი) მოითხოვა „ამერიკის წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან საქართველოს კავშირების გამოძიება, რადგან ეს კავშირები ძირს უთხრის ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნესინტერესებს“. კერძოდ, წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს – რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთის მხრიდან ივანიშვილზე გავლენასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უტყუარობაში საქართველოს მთავრობის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ ეპარებათ, დაუსაბუთებელია და როგორც წესი, უარყოფილი თბილისთან ურთიერთობებში ჩართული დიპლომატების მიერ.

„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ხელმძღვანელობდა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა, აშკარად ანტირუსული განწყობით არ გამოირჩევა. მეორე მხრივ, საკმარისია ვახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში გააძლიერა საქართველოს კავშირები ამერიკასთან – გაფართოვდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახა საქართველოს მისწრაფებები ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის მარიონეტობის შეთქმულების თეორიებმა კვლავ წამოყო თავი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, დეკემბერში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა „ფრონტერას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

„აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ არბიტრაჟით დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა და გაწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, მიუხედავად იმისა, რომ „ფრონტერამ“ მაინც გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილების მთავრობისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში „ფრონტერა“ თვეობით არ უხდიდა გასამრჯელოს თავის თანამშრომლებს. პასუხად, „ფრონტერამ“ და მისმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა დაადანაშაულეს თბილისი კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებაში უბრალოდ იმიტომ, რომ „ფრონტერა“ ამერიკული ფირმაა. იანვარში პიტ ოლსონმა (წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ტეხასის შტატიდან) ივანიშვილს „რუსეთის მარიონეტი“ უწოდა და ცნობილი სატელევიზიო სერიალის (Sesame Street) ერთ-ერთ პერსონაჟს (Oscar the Grouch) შეადარა, რადგან „ორივე მარიონეტია და ორივე ნაგავს ახვავებს საკუთარ სახლში“. ამისთვის „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია, რის გამოც, საინფორმაციო ვებგვერდმა Texas Monthly ოლსონი იმავე სერიალის კიდევ ერთ პერსონაჟს (Big Bird) შეადარა, რადგან „ორივემ იცის, ვის უნდა უკმიოს გუნდრუკი“. ხსენებული წერილის ოთხი ავტორიდან სამმა ასევე მიიღო კამპანიის დაფინანსება „ფრონტერასგან“, – წერს ავტორი.

პუბლიკაციის ავტორი მიიჩნევს, რომ კონგრესმენების წერილს, რომელშიც ასახულია უპრეცედენტო სიმძიმის გეოპოლიტიკური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, წონას მატებს მის ხელმომწერთა შორის 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ტედ კრუზის ყოფნა, ასევე ამ პროცესში პომპეოს და მნუჩინის ჩართვის მცდელობა.

„წერილის ავტორები ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც – მაგალითად, შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. გეოპოლიტიკის სფეროს სპეციალისტებმა, რომელთაც ამ საკითხზე მხოლოდ ზედაპირული თეორიული ცოდნა აქვთ, სცადეს მისი დაკავშირებაც რუსეთის გავლენასთან, რადგან აშენების შემთხვევაში ანაკლია უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტს რუსეთის გვერდის ავლით. მიუხედავად ამისა, მათი განცხადებით, ხელშეკრულების გაუქმება საქართველოს შიდა მეტოქეობასთან უფროა კავშირში, ვიდრე ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ ინტრიგასთან“, – წერს ავტორი.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „ასეა თუ ისე, პომპეომ მაინც გამოთქვა შეშფოთება ანაკლიის გარშემო მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენების გამო და განაცხადა, რომ ეს პროექტი „გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და გადაარჩენს ქვეყანას რუსეთსა თუ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან“.
 
გარდა ამისა, კონგრესმენები შეპარვით გამოთქვამენ ვარაუდებს საქართველოში ირანის აქტიურობასთან დაკავშირებით, რის მიზანსაც, დიდი ალბათობით, წარმოადგენს პომპეოს ყურადღების მიპყრობა, რომელიც ირანთან მიმართებაში კიდევ უფრო აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ვიდრე თავად რუსეთთან ურთიერთობებში. ყველაზე მძიმე ბრალდებები მაინც რუსეთს ეხება. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ასევე „რუსეთის მთავრობასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ“ და „ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გარიყვის შესახებ პორტის მშენებლობის პროცესიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას“.
 
სტატიის თანახმად, ჯერ არ არის ცნობილი, მოახდენენ თუ არა პომპეო და მნუჩინი ამ მოწოდებაზე რეაგირებას. „პირველ რიგში, ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს სამართლიანი შუამავლის როლში საქართველოს უკიდურესად გათიშულ შიდა პოლიტიკაში, ხოლო ამ მხრივ კითხვების დასმა და ჩაძიება ხსენებულ როლს კითხვის ქვეშ დააყენებს – შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო, ძალიან დაბალია“, – წერს გამოცემა.
 
 
экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати