„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.
ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების დაზიანებულ ქსელზე რთულ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად 9 იანვრის 13:00 საათიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე რთული ტექნიკური სამუშაოები 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი სხვა საკომუნიკაციო ქსელების გამო წყალარინების ქსელის აღდგენითი პროცესი უსაფრთხოების დამატებითი ნორმების გათვალისწინებას მოითხოვს და სტანდარტის სრული დაცვით ტარდება, რაც ახანგრძილვებს სამუშაო პროცესს.
სამუშაოების ფარგლებში წყალარინების ქსელის 9 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი განახლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
წინამძღვრიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ჭოროხის, სუნდუკიანის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, კიევის, რომის, ზ.ქურდიანის, გოგიბერიძის, ტოლსტოის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დ.აბაშიძის, სანქ-პეტერბურგის, ს.წერეთელის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, თოიძის, ნ.ჩხეიძის, გამცემლიძის, კუმისის, ანთელავას, სანთლის, ახვლედიანის ხევის, წმ.ნიკოლოზის, ორბელიანის, სულხანიშვილის, მტკვრის, ტელეგრაფის, ბარათაშვილის N2-N14(ლუწ ნომრებს), ათონელის, გოგჩის, კარგარეთელის, კახიძის, პასტერის, კლდიაშვილის, ლებანიძის ქუჩებს, ჩიქობავას N8-ს, მარჯანიშვილის ქუჩა N3, N16, N28, სანაპიროს, ბაქოს, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, თამარ მეფის N6, ტოლსტონოგოვის, აგლაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის, გორკის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, დიდხევის, ქურდიანის, ვეკუას და ფხოვის ქუჩებს.
სამუშაოების დასრულებისთანავე მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება, რის შესახებაც კომპანია აბონენტებს დამატებით აცნობებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/