USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ჯო ბაიდენის მიმართვა ამერიკელი ერისადმი - „ჰამასი“ და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო, - ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება
Date:  372

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე სათაურით „არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას", გამოქვეყნებულია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვა ამერიკელი ერისდმი, 2023 წლის 19 ოქტომბერს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამერიკელ ერს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხად, გასამხედროებული დაჯგუფების წინააღმდეგ გამოცხადებული ისრაელის ომი ერთმანეთთან დააკავშირა და ამერიკელ ხალხს მიმართა, მხარი დაუჭიროს ორ დემოკრატიას, რომლებიც, მისი თქმით, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. „ჰამასი“ და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო, - ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, მათი სრული განადგურება“ - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მიმართვის დასაწყისში პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს. „ჩვენ ისტორიაში გარდამტეხი წერტილის წინაშე ვდგავართ. ეს არის იმ მომენტთაგან ერთ-ერთი, როცა გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, განსაზღვრავს მომავალს, ათწლეულების განმავლობაში“, - თქვა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი, ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა და ვაშინგტონში 19 ოქტომბერს დაბრუნდა. სიტყვით მიმართვისას, მან თელ-ავივში თავისი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი შეაჯამა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტი ომის მიმდინარეობისას ეწვია.

„შევხვდი პრემიერ-მინისტრს და მისი კაბინეტის წევრებს. რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო, შევხვდი ისრაელელებს, რომლებმაც საშინელება განიცადეს, - „ჰამასის“ თავდასხმა, 7 ოქტომბერს. 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, სულ მცირე, ამერიკის 32 მოქალაქე. ათობით უდანაშაულო ადამიანი, - დაწყებული ჩვილებიდან, მოხუცები, ბებია-ბაბუები. ისრაელელები, ამერიკელები მძევლად აიყვანეს. როგორც „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახებს ვუთხარი, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ მათი საყვარელი ადამიანები შინ დავაბრუნოთ. როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემთვის არ არსებობს უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება“, - თქვა პრეზიდენტმა.

მიმართვის დასაწყისშივე პრეზიდენტმა აღნიშნა: „მე ასევე ვესაუბრე პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, პალესტინელთა ხელისუფლებას და გავიმეორე, რომ შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების ერთგული“.

ჯო ბაიდენმა მწუხარება გამოთქვა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო, „მათ შორის, ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რომელიც ისრაელელებს არ ჩაუდენიათ“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ანტისემიტიზმი, ასევე ისლამოფობია მიუღებელია და ამერიკულ საზოგადოებაში ამის ადგილი არ არის.

„ამერიკის ლიდერობა“ - დახმარება უკრაინას და ისრაელს

ერისადმი თითქმის 15-წუთიან მიმართვაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერობას და თქვა: „ეს არის ის, რაც აერთიანებს მსოფლიოს. ამერიკული ალიანსები არის ის, რაც უსაფრთხოდ გვიცავს ამერიკაში. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორ ერად, ვისთანაც მუშაობა გვსურს“. მისი თქმით, თუ ამერიკა და ამერიკელი ხალხი „დაშორდება უკრაინას და ზურგს აქცევს ისრაელს“, ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დადგება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „სწორედ ამიტომ, ხვალ ვაპირებ გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნის გაგზავნას კონგრესში, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები - ჩვენი კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორების, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერის საჭიროება. ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც გადაიხდის დივიდენდებს ამერიკის უსაფრთხოებისთვის, თაობების განმავლობაში.“

„უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვთხოვ კონგრესს, დარწმუნდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნა, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის და ქვეყნის შეფერხების გარეშე დასაცავად. უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინის სისასტიკე უკრაინაში. ისინი წარმატებას აღწევენ. როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა ფიქრობდა, რომ კიევს და მთელ უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა. პუტინმა მარცხი განიცადა და ის აგრძელებს მარცხს. უკრაინელი ხალხის სიმამაცის გამო, კიევი კვლავ დგას. უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის ჯარების მიერ იქამდე ოკუპირებული ტერიტორიის 50%“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სიტყვით მიმართვისას, შეერთებულ შტატებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმარა და თქვა - „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, წვრილმანმა პარტიულობამ და გაბრაზებულმა პოლიტიკამ, შეაფერხოს ჩვენი, როგორც დიდებული ერის პასუხისმგებლობები. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას. მე უარს ვამბობს ეს მოხდეს“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის - უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას. ისინი ამას აგრძელებენ. და მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის ფასი და საფრთხე სულ უფრო იზრდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკა და მოკავშირეები, არ შეაჩერებს „პუტინის მადას, უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.“

მოსალოდენლია, რომ თეთრი სახლი კონგრესს, მომდევნო წლისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობით "უსაფრთხოების გადაუდებელი ბიუჯეტის" დამტკიცებას სთხოვს.

ადმინისტრაციის წინადადება, რომელიც პარასკევს გახდება ცნობილი, მოიცავს დაფინანსებას უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვრის მართვისთვის.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ყველა ამ საკითხის ერთ კანონმდებლობაში გაერთიანება, კონგრესში მის დასამტკიცებლად, საჭირო პოლიტიკურ კოალიციას შექმნის.

„მთელ მსოფლიოში არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც ჩვენი იმედი აქვთ; ვისაც, ჩვენ გამო, უკეთესი ცხოვრების იმედი აქვს, ვინც სასოწარკვეთით გველოდება და ელოდება, რომ არ დავივიწყებთ. მაგრამ, დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ვიცი, რომ შინ, ჩვენ გვაქვს განსხვავებები და მათზე უნდა ვიმუშაოთ. ასეთ მომენტებში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ. ჩვენ ვართ ამრიკის შეერთებული შტატები და არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა, თუ ამას ერთად გავაკეთებთ", - ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა ბაიდენმა ერისადმი მიმართვა.

პრეზიდენტობის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ერს ოვალური კაბინეტიდან მეორედ მიმართა. ამ ფორმით ჯო ბაიდენმა პირველად ერს მას შემდეგ მიმართა, რაც კონგრესმა მიიღო ბიუჯეტის ორპარტიული კანონმდებლობა, რათა დეფოლტი თავიდან აეცილებინა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7318894.html

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way