USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
„ჯო ბაიდენი სი ძინპინის სატელეფონო ზარს ელოდება, მაგრამ „ცისქვეშეთს“ ვაშინგტონის დიპლომატიურ თამაშებში მონაწილეობა აღარ სურს“ - «South China Morning Post» (ჩინეთი)
Date:  338

ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (იბეჭდება ჰონკონგში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი სი ძინპინის სატელეფონო ზარის მოლოდინში: „ცისქვეშეთს“ ვაშინგტონის დიპლომატიურ თამაშებში მონაწილეობა აღარ სურს“ (ავტორი - ალექს ლო, ჰონკონგის უნივერსიტეტის ლექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამას წინათ განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში „მალე დათბობა მოხდება“. აშშ-ის მეთაური აშკარად თვლის, რომ ჩინელ კოლეგას მასთან შეხვედრა გულისფანცქალით სურს, მოუთმენლად ელოდება და თან ფიქრობს - გაუწვდის თუ არა ჯო ბაიდენი სი ძინპინს მშვიდობის სიმბოლოს.

მაგრამ სინამდვილეში თეთრი სახლის ბინადარს, საბოლოო, ჯამში, ჩინეთისათვის ზეთისხილის რტოს გაწოდების არავითარი სურვილი არ აქვს. იგი მარსიელების მსგავსად იქცევა - 1996 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური კომედიიდან „მარსი გვიტევს!“ - უცხოპლანეტელები დედამიწელებს ჯერ არწმუნებენ, რომ მშვიდობა სურთ, შემდეგ კი მათ ხოცვას იწყებენ.

საქმე მთლად ისე არ არის, როგორც ჯო ბაიდენი ფიქრობს. საერთოდ, ჩინელებს ამერიკელები გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სიტუაცია გაამძაფრა.

საქმე ეხება ცისქვეშეთის თავდაცვის მინისტრის, გენერალ ლი შანფუს უარს აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე „შანგრი-ლას დიალოგის“ (აზიის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად იმართება სინგაპურის სასტუმრო „შანგრი-ლას“ კონფერენც-დარბაზში). პრობლემა იმაშია, რომ ჩინელი გენერალი, რომლის ფუნქციებში, მინისტრად დანიშვნამდე, ჩინეთის არმიის მოდერნიზება და გადაიარარება შედიოდა, 2018 წლიდან  აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან..

რით გამოხატება მისი დანაშაული? იმაში, რომ მან რუსული თვითმფრინავები (Су-35“-ები) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400-ები შეისყიდა. რა ესაქმება ამერიკას ჩინეთის კონტრაქტთან? თურმე ვაშინგტონ მსგავს შესყიდვებზე სანქციები ჰქონია დაწესებული, ანუ ამერიკა ცალმხრივად აცხადებს შეზღუდვებს და აცხადებს - „ჩვენი ნებაა, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო“.

პეკინმა მიანიშნა ვაშინგტონს, რომ შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აშშ გენერალ ლი შანფუს სანქციებს მოუხსნის. ამის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიდსულოვნად განაცხადა, რომ „მინისტრების შეხვედრა სანქციების მოხსნის გარეშეც შეიძლებაო“. მოგვიანებით ვაშინგტონმა, პენტაგონის პირით, პირდაპირ განაცხადა, რომ ჩინელ მინისტრის მიმართ შემოღებულ სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებს. ჰოდა, პეკინიც გაბრაზდა და შეხვედრაზე უარი თქვა.

მოკლედ, ამერიკელებმა ჩინელები ვიწრო აზროვნებაში დაადანაშაულეს - აი, ხედავთ, რაღაც უბრალო სანქციების გამო პეკინი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხს როგორ უდიერად ეპყრობაო. და ეს იმ დროს, როცა ჩინეთის ნაპირებთან აშშ-ის წყნარი ოკეანის მე-7 ფლოტის ხომალდები მუდმივად პატრულირებენ.

ამერიკელების გაგებით, ჩინეთი დამნაშავეა იმაშიც, რომ არადემოკრატიული რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აქვს. მაგრამ მოდით, ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას. გეტებორგის (შვედეთის) უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ წელს ამერიკამ იარაღი 142 ქვეყანას მიჰყიდა, რომელთაგან 48 ქვეყანა კლასიფიცირდება როგორც „ავტორიტარული“.

ამერიკული იარაღის გაყიდვა ისეთი დიდი მასშტაბებით ხდება, რომ ჩინეთს სრული უფლება აქვს ვიღაც ლოიდ ოსტინებს და მის მსგავს პირებს სანქციები გამოუცხადოს. როგორ შეაფასებდნენ ამერიკელები ჩინელების ასეთ მტრულ ნაბიჯს? ნეგატიურად, რასაკვირველია. მაგრამ ჰიპოთეტურობას და ვარაუდებს თუ გვერდზე გადავდებთ, ერთი რამ აშკარა ხდება: მთავარი ამ სიტუაციაში ისაა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუდმივად ერთს ამბობს, მაგრამ აკეთებს მეორეს. მკითხველმა თვითონ განსაჯოს: ვაშინგტონის მტკიცებით, მას თითქოსდა ტაივანის სრუტეში სტატუს-ქვოს შენარჩუნება სურს, რეალურად კი პეკინის „წითელ ხაზებს“ აბუჩად იგდებს. თეთრი სახლი ამბობს, რომ მას აწყობს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, მაგრამ მოკავშირეებს აქეზებს ჩინეთის ეკონომიკას ძირი გამოუთხარონ, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების დარგში - „ჩიპების“ (ინტეგრალური სქემების) წარმოებაში.

ჯო ბაიდენტმა „დათბობა გამოაცხადა, მაგრამ წამიც არ გასულა და ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩინეთს „ფრონტალურად“ შეუტია ყველა სპექტრის საკითხებში - პეკინის არადემოკრატიულობიდან დაწყებული, დასრულებული „ცისქვეშეთის“ პოზიციით უკრაინის მიმართ, რომელსაც იარარს თვითონ „შვიდეულის“ წევრები აწვდიან. პროამერიკულმა მასმედიამ იმავწუთს აიტაცა ჯო ბაიდენის პოლიტიკური ხაზი და ამერიკა დიპლომატიურად გახსნილ ქვეყანად გამოაცხადა, ჩინეთი კი - ჯიუტ და ვიწრო აზროვნების ქვეყნად.

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ეშმაკურ დიპლომატიურ თამაშს ეწევა, რომლის საკვანძო იდეა ასე ჟღერს: „ბურთი თქვენს მოედანზეა“ (ანუ „ეს თქვენი არჩევანია“). ჩინელები წინა შეხვედრების რამდენიმე რაუნდის  შემდეგ ყველაფერს მიხვდნენ და განაცხადეს, რომ „ცისქვეშეთს“ არ სურს იმ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ყველას ქედმაღლურად უყურებს და მათთვის სახელის გატეხვას ცდილობს.

წყარო: https://www.scmp.com/comment/opinion/article/3222465/biden-left-waiting-phone-china-refuses-play-any-more

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way