USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ჯიმ რიში - ვრჩები ძალზედ შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო
Date:  583

ტელეკომპანია "მთავარის" თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება. "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

"მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, - აცხადებს სენატორი, რომლის კომენტარსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way