USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ჯიმ ო'ბრაიენი - საქართველოს კანონი უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში - არც თავად პროცესი და არც კანონი ახლა სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის
Date:  609

ასეთი საკითხების რეგულირებაში [უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა] საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში - არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება, რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ო'ბრაიენს იმედი აქვს, ვიხილავთ "ამ საკითხის ისეთ განხილვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან".

"ახლახან დავასრულე მთელი დღის შეხვედრები. შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს. პარლამენტის სპიკერს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს და ახლა აქ ვიმყოფები. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამერიკა და ამერიკელები ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.

ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა გაზიარებულია თუ არა საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს გვერდით ვდგავართ. განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ. 30 წელზე მეტია, ამერიკა ძალიან ძლიერი პარტნიორია საქართველოსი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაახლოებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას.

ეს იყო "ქართული ოცების" ხელისუფლება, რომლის პერიოდშიც საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ძალიან ვამაყობ, რომ ვედექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე. როდესაც აქ ჩამოვედი, დამაბნეველი იყო, რომ ორი სხვადასხვა ტიპის საუბარი იყო. ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ერთი მიმართულება ისაა, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი, არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება. იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისეთ განხილვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან. მანამდეც ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგი, თუკი ეს კანონი მიიღებოდა, რა სიტუაციაშიც ახლა ვიმყოფებით. რადგანაც საქართველოს სურვილი არის ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა ,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.

როგორც ობრაიენმა განაცხადა, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.

„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო ,ასევე, შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ უნდა შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“,- განაცხადა ობრაიენმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way