USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
თბილისი
ჯასტინ ტრიუდო კანადის სენატში მეფის გამოსვლას სპორტული ფეხსაცმელებით დაესწრო
თარიღი:  730

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ყურადღებას უთმობს მეფე ჩარლზის კანადაში ყოფნას და ფართოდ აშუქებს ვიზიტის დროს მომხდარ „ინციდენტებს“, რომლებიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. სტატიაში სათაურით „ჯასტინ ტრიუდო კანადის სენატში მეფის გამოსვლას სპორტული ფეხსაცმელებით დაესწრო“ (ავტორი - კემერონ ჰენდერსონი) სწორედ ერთ-ერთი „ინციდენტია“ განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯასტინ ტრიუდო, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოტავაში, ქვეყნის სენატში ბრიტანეთის მეფის ჩარლზის საზეიმო გამოსვლაზე იყო მიწვეული, დარბაზში მწვანე სპორტული ფეხსაცმელებით მივიდა. იგი დედამისთან, მარგარეტთან ერთად შევიდა დარბაზში, ისტორიული გამოსვლის მოსასმენად. ექს-პრემიერს მუქ-ლურჯი კოსტუმი და მონაცრისფრო პერანგი ემოსა, ჰალსტუხი ეკეთა და ფეხთ ეცვა... Adidas Gazelles-ის სპორტული ფეხსაცმელები.

მეფე თავისი გამოსვლის დროს შეეცადა დაერწმუნებინა კანადელები იმაში, რომ მათი ქვეყანა „ძლიერი და თავისუფალია“ - მას შემდეგ, რაც მეზობელი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას ამერიკის „51-ე შტატად გადაქცევით“ დაემუქრა.

მისტერ ტრიუდო მეფის გამოსვლის დროს დარბაზის წინა რიგში იჯდა, ყველასათვის დასანახ ადგილზე, რას იმას ნიშნავდა, რომ მის ფეხსაცმელებს მეფის ოჯახის წევრებიც ხედავდნენ

კრიტიკოსებმა სოციალურ ქსელებში ჯასტინ ტრიუდოს დასცინეს ფეხსაცმელების არასწორი შერჩევის გამო.

დიმიტრის სუდასმა, რომელიც კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის (კონსერვატიული პარტიის ლიდერის) საკომუნიკაციო სამსახურის დირექტორად მუშაობდა 2006-2015 წლებში, კომენტარი გაუკეთა მისტერ ჯასტინ ტრიუდოს ჩაცმულობას და ფოტოსურათზე მიაწერა: „არ ვიცი, რა ვთქვა“.

ჯასტინ ტრიუდო ლიბერალური პარტიისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებიდან მიმდინარე წლის იანვარში გადადგა, როცა მისი რეიტინგი აბსოლუტურად დაეცა აშშ-ის პრეზიდენტის  განცხადების ფონზე - იმ დროს, როცა დონალდ ტრამპმა კანადის ანექსიისა და ჩრდილოელი მეზობლის მიმართ მაღალი სავაჭრო ტარიფების დაწესების სურვილი გამოხატა.

ქვეყნის მტავრობის მეთაურის პოსტზე ტრიუდოს პოლიტიკური მემკვიდრე მარკ კარნი გახდა, რომელმაც ოპონენტი-კონსერვატორი პიერ პულევრი დაამარცხა და კანადელებს დაპირდა, რომ საკადრის პასუხს გასცემდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამაღიზიანებელი გამონათქვამების გამო. ბრიტანეთის მეფის ვიზიტის წინ მარკ კარნი აცხადებდა, რომ „კანადა არასოდეს არ გაიყიდება“ და რომ მისი მთავრობის ოპტიმისტური ვარაუდით, მეფის ვიზიტი კანადის სუვერენიტეტის გამტკიცების სიგნალი იქნება. სხვათა შორის, კანადის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის სხდომა ბრიტანეთის მონარქს ისტორიულად მხოლოდ ორჯერ აქვს გახსნილი. კანადა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრია.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისი წინამორბედისგან - ჯასტინ ტრიუდოსაგან განსხვავებით, კანადის დრევანდელი პრემიერ-მინისტრი მკაცრად ეკიდება თავის სამსახურს, გამოირჩევა მაღალი დონის დისციპლინით და იცავს ყველა შესაბამისი ქცევის წესს. მარკ კარნი არ აგვიანებს პრეს-კონფერენციებზე, დაგვიანება კი ჯასტინ ტრიუდოს ჩვევა იყო.

ამბობენ, რომ მარკ კარნისათვის ჩაცმულობის სტილი უკიდურესად ტრადიციულია და სტანდარტებს არ ღალატობს. იგი თანამშრომლების მხრიდანაც იგივეს ითხოვს: სამსახურში ყველა საქმიანი, ოფიციალური ჩაცმულობით უნდა იყვნენ.

თბილისი
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.