USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
ჯანმო - პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი
თარიღი:  623

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ყველას ამაღლებულ განწყობას გვიქმნის და ახლა შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია სრულდება,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ.

„ვიცით, მძიმე წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდ 19 ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა მაიკ რაიანმაც და განაცხადა, რომ ვაქცინები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილია, თუმცა მხოლოდ ისინი, ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ზომების გატარების გარეშე პანდემიას ვერ დაასრულებენ.

”ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პროცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის