USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე თანამდებობა
Date:  283

ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურა აზარაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს.

"მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა.

სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.

იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი - მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.

სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი - პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.

კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა.

სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.

ასეთივე ხმაურის ფონზე დავნერგეთ წამლებზე რეფერენტული ფასები, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება.

რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება.

ზუსტად ამ შესაძლებლობით გამოავლინა სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და 53მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია.

პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.

ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო.

დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა.

მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს წამლის ხარისხის კონტროლის კუთხით. წინა წელს გავხსენით 20 წლის წინ ქვეყანაში, სამწუხაროდ, გაუქმებული წამლის ლაბორატორია.

ასევე, გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში წამლისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტზე, სადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ხარისხის კუთხით და კანონმდებლობის დონეზე უკვე შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

ქვეყანაში პირველად შემოვიტანეთ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში 21000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკებისთვის დაინერგა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება. რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

დიაბეტიანი ბავშვები უკვე სრულად არიან უზრუნველყოფილნი 14 დასახელების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით და პროგრამის ხელმისაწვდომობით უკვე მთელს ქვეყანაში.

ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ წარმოებდა წამლის და სამედიცინო მოწყობილებების კვლევა ადამიანებზე, რაც შესაბამისი ჩარჩო რეგულაციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწესრიგდა. კვლევის ნებართვაზე გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია იღებს. ასევე მკვლევარ კომპანიას აქვს შედეგებზე პერიოდული რეპორტინგის და პაციენტის უპირობო სადაზღვევო გარანტიის ვალდებულება.

დავაპრიორიტეტეთ და დღეს უკვე სრულად არის დაფარული დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით დამატებით 15 ქალაქში, ჯამში 49 ლოკაციაზე.

მასშტაბური პროტესტი იყო სუროგაციის შეზღუდვის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი.

მომზადდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინოს სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რეგულაცია. ეს კანონი მოაგვარებს უხარისხო სამედიცინო მოწყობილებების და მასალების ბრუნვას ქვეყანაში.

რუხში, 2018 წელს აშენებულ და მიტოვებულ კლინიკაში, გავმართეთ მრავალპროფილური სერვისები და კლინიკა დღეს უკვე ათასობით ქართველ თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას წარმატებით ემსახურება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზირებული მოდული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანომობილის სერვისი რომელიც ხელმისაწვდომობის გარდა ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხების არგადახდას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის.

დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში.

ასევე უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადების და ტრენინგის შესაძლებლობა.

პრემიერის უშუალო ძალისხმევით დავიწყეთ დევნილების განსახლების უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და უკვე წელს დაიწყება ასეულობით ბინის განაწილება, ჯამში კი 2025 წლისთვის 40000 დევნილს ექნება საცხოვრებელი.

კიდევ არაერთი რეფორმა, სტანდარტი(ქირურგია, ბარიატრია, სტომატოლოგია, ნარკოცენტრები, ონკოლოგია, სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ) თუ ინიციატივა გავატარეთ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი და ყველა დაინტერესებულს შეუძლია ამის მარტივად ნახვა.

მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა.

რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე.

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად."

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way