USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ჯანდაცვის სამინისტრო - მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება
Date:  

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way