“ვიზიარის” დირექტორი ჯოზეფ ვარადი ამბობს, რომ ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე ფრენებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე დაბრუნდება, რაც სავარაუდოდ კომპანიის გათვლით გაზაფხულზე, მარტსა და აპრილში უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის ხელახლა გახსნის საკითხს, მისი თქმით, ავიამომისვლის აღდგენიდან გარკვეულ პერიოდში, ბაზასაც აღადგენენ.
“საქართველოდან არ გავსულვართ ჩვენი ნებით ან სურვილით. ავიაკომპანიამ ბაზარი ლოქდაუნისა და იმ შეზღუდვების გამო დატოვა, რომელიც არა მარტო საქართველოს მთავრობამ შემოიღო, არამედ სხვა მთავრობებმაც. ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოს როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა ავიაკომპანიებისთვის და ამის გამოძახილი იყო ჩვენი გადაწყვეტილებაც. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ვრჩებით საქართველოს ერთგულნი და დავბრუნდებით მაშინვე როგორც ბაზარი გაიხსნება და ვიმედოვნებ რომ ეს მომავალი წლის მარტი-აპრილში მოხდება. ცხადია ჩვენ დავაკვირდებით როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება გონივრულობის ფარგლებში “ვიზიარი” დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზა გაიხსნება,”-ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი BMG-თან საუბრისას.
14 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას თებერვლიდან გეგმავს.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128