USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ივიკო ფრუიძე - ძალადობა და თაღლითობა Skygirls Bar-ში
дата:  1771

საოცარი ისტორია მოხდა:

პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა ჩვენთვის უცნობ ბარში სადაც:

სიტუაციით დიდად არ ავღფრთოვანდით: თითქმის არავინ იყო ჩვენს გარდა, არც მუსიკამ მოგვხიბლა, არც - გარემომ. გარკვეული დროის შემდეგ დავაპირეთ სახლში დაბრუნება და მოვითხოვეთ ანგარიში.

თუმცა მოგვიტანეს სრულიად აბსურდული ანგარიში, ჩვენს მიერ შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცხდახუთი ეწერა. თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ.

თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არისმეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება.

რის შემდეგაც მოვიდა დაცვა, გამიყვანა გარეთ და გამომკითხა თუ რატომ ვიყავი უკმაყოფილო და რატომ ვამბობდი უარს ანგარიშის გადახდაზე? სრულიად რაციონალურად ავუხსენი დაცვას ჩემი აღშფოთების მიზეზი, თუმცა ამასობაში ჩემმა ძმაკაცმა მაინც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გადაეხადა, შებრუნდა ბარში და გადაიხადა თაღლითურად შედგენილი ანგარიში იმ მოტივით, რომ უხერხული ინციდენტი ამოწურულიყო. ტერმინალით რათქმაუნდა არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ეხლა ხდება საოცრება:

დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის.

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ... წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში. თუმცა ისტორია გრძელდება:

ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და რათქმაუნდა დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან - არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.

დაცვის 5 წევრიდან და ერთი ბარის პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა) დარჩენილებს რათქმაუნდა ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრამვით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა. ვარ დაჟეჟილობით სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს. რამოდენიმე თვით გამოვეთიშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადავყლაპე შეურაცხყოფა და ღიად ვამხილე თაღლითები.

ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის დაცვის დანარჩენი 3 წევრის ბედი, ისევე როგორც ბარის პერსონალის, რომელიც დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამოღებულია კამერები, იდენთიფიცირებულია, რომ ისინი იყვნენ ექვსნი. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება სამართლისა და კანონის წინაშე.

ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ტელევიზიებთან. გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვა ჩემნაირმა ადამიანმა (ქართველმა თუ უცხოელმა) არ გაიზიაროს იგივე ბედი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს საგამოძიებო სტრუქტერებიდან მოჰყვება ადექვატურად მკაცრი რეაგირება და სამართალი იქნება დაფასებული. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატს, რომან ნადირაძეს, რომელმაც ღირსეული შრომა გასწია და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გასწევს.

ბარი არის პეკინის 3 - ში, Skygirls Bar ჰქვია (როცა გამოვედი სახელს მერე დავაკვირდი, მაგრამ შიგნით თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა). როგორც გავარკვიე, ავლაბარში არსებული Sky Bar - იც ზუსტად იგივე სქემით მუშაობს და სავარაუდოდ საერთო მენეჯმენტის დაქვემდებარებაშია ორივე. ამოიღონ კამერები, თუ რა ხდებოდა ბარში და მის გარეთ. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და არც რამის მეშინია. აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას მომავალში განვითარებული მოვლენების შესახებ. იმედი მაქვს, რომ სამართლი დადგება და ცოტა უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში...

რომ ვყოფილიყავი ჩუმად და გადამეხადა აბსურდული ანგარიში - ამცდებოდა ამხელა შეურაცხყოფა თუ მატერიალური ზარალი (ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება) მაგრამ ვერ და არ შევძელი ამხელა უსამართლობასთან შეგუება. თუ ამ ფაქტს მოჰყვება ისეთი რეაგირება, რომ სხვა ჩემნაირს ჰქონდეს მეტი სიმშვიდე - გაღებულ მსხვერპლს გამართლებულად ჩავთვლი...

მე ჩემს ღირსებას დავიცავ კანონისმიერად, მაგრამ რა მოუვათ სხვებს? ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს 10 - 15 ბარი, სადაც იდენტური სქემით ხდება ხალხის გამწარება ყოველდღიურად. მე თვითონ მივაწვდი ასეთი ბარების სიას დაინტერესებულ პირებს. ათიათასობით ადამიანი აღმოჩენილა მსგავს უსამართლობაში. ზოგი უცხოელია და არ იცნობს ჩვენს კანონმდებლობას, ზოგს ადვოკატის აყვანის რესურსი არ აქვს, ზოგი კომპრომატდება, ზოგი მშიშარაა, ზოგი უბრალოდ მარტივად ჰყლაპავს შეურაცხყოფას და ა.შ. მთავრობა კი რას ფიქრობს არ ვიცი. უამრავი პირი, განსაკუთრებით უცხოელები, არიან ასეთი ტიპის თაღლითობის მსხვერპლნი და ჩვენს ქვეყანაზე გულაცრუებულნი, რაც ძალიან გვარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე.

მიმაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საქართველოში ადამიანი იყოს უფრო დაცული. სისტემა უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა ცალკეული ადამიანების მარიფათი. ამისთვის მხოლოდ ნებაა საჭირო. განა ვინ მფარველობს ესეთ ბარებს, რომ ესეთ სიტუაციაში აგდებენ ხალხს და გასდით?!

უამრავი შემთხვევა გავიგე, რომ ჩემი ნაცნობი ადამიანები აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში. უამრავი სტატიაც წავიკითხე ამ თემაზე, მაგრამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს და ეს დაუცველს ჰხდის თითოეულ ადამიანს. გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩემი შემთხვევა იყოს უკანასკნელი...

ცალკე საქმეა: ჰქონდა თუ არა ბარს საერთოდ მუშაობის უფლება კოვიდ - 19 - ის პირობებში, იმიტომ, რომ შიგნით არ იყო ფანჯარა და შესაფერისი განიავების სისტემა.
ყველას გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია და მივიტანოთ ხმა იქ სადაც საჭიროა, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო მშვიდი!..

პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ერთად აუცილებლად შევქმნით უკეთეს მომავალს...

წყარო:https://www.facebook.com/iviko.pruidze/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати