USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ივანიშვილი დაობს ბიტკოინებზე, როცა შეთანხმებაში კრიპტოვალუტის განაწილებაზე არაფერი ეწერა - ადვოკატი
дата:  

წყარო:https://bm.ge/

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი ბრალის შესახებ დეტალურად ისაუბრა. ივანიშვილი დაობს, რომ $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით, 2017 წლის მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში 39 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში კრიპტოვალუტის განაწილების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

გიორგი ბაჩიაშვილის იურისტის განმარტებით, საქმე გვაქვს აბსურდულ ბრალთან.

“გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბიზნესში აქტიურად ინვესტირება და სჯეროდა ამ ტექნოლოგიების პერსპექტიულობის. მან 2015 წელს პირადად მიაღწია შეთანხმებას "ბითფიურისთან", კერძოდ "ბითფიური" თანახმა იყო, რომ ბაჩიაშვილთან გაეფორმებიანა ერთწლიანი კონტრაქტი კრიპტოვალუტის მაინიგის შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6,3 მილიონი დოლარით. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი კონტრაქტი.

გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული დროისთვის მობილიზებული ჰქონდა 1,3 მილიონი დოლარი, ესაჭიროებოდა სესხი 5 მილიონის ოდენობით და ვინაიდან მას საკუთარი თანამონაწილეობის გარდა არ ჰქონდა სხვა უზრუნველყოფა, მარტივი არ იყო ბანკში სესხის აღება. დიდი ხნის საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან ბიძინა ივანიშვილს სთხოვა დახმარებოდა "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მანამდე სხვა არაერთ პირსაც დახმარებია სესხის აღებაში. საბოლოოდ, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკ "ქართუსგან" 1 წლის ვადით აიღო სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით, წლიურ 12 პროცენტად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა სესხის აღების სხვა ალტერნატივა, რაზეც მან დეტალურად ისაუბრა გამოკითხვისას, უბრალოდ ბანკი ქართუს პირობები იყო უფრო მისაღები.

ზუსტად 1 წელიწადში და რამდენიმე თვეში, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკი "ქართუს" კრედიტი დაფარა სრულად პროცენტის ჩათვლით.

სიცრუეა იმის განცხადება, თითქოს ბაჩიაშვილს არანაირი რისკი არ გაუღია და უზრუნველყოფა არ მოუხდენია, საქმეში არის წარმოდგენილი მასალები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ საბანკო კრედიტის აღებისას ბაჩიაშვილის პირადი თანამონაწილეობა 1,3 მილიონი დოლარი იყო. ლოგიკურად მარტივად გასაგებია, რომ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში, პირველი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი დაკარგავდა 1.3 მილიონ დოლარს.

ასევე ტყუილია, რომ კრედიტი ბიძინა ივანიშვილის პირადი გარანტიით გაიცა. სიმართლე მდგომარეობს შემდეგში: ბანკმა გასცა არაუზრუნველყოფილი კრედიტი 2015 წლის აგვისტოში და მხოლოდ 7 თვის მერე, საბანკო რეგულაციების გამო 2016 წლის 1 მარტიდან 5 მაისამდე (2 თვე მოხდა კრედიტის უზრუნველყოფა ივანიშვილის მიერ), კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საბანკო რეგულაციის გამო. ამასვე ადასტურებს თავად ბატონი ივანიშვილი საკუთარი გამოკითხვის ოქმში.

არავითარ პარტნიორობაზე საუბარი არ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად. ასევე უნდა დავამატო, რომ ბაჩიაშვილს ჰქონდა სხვა ალტერნატივებიც ამ 5 მილიონი დოლარის სესხად აღების, როგორც მან გამოძიიებაშიც განმარტა, თუმცა ბანკის მიერ შეთავაზებული თუნდაც 12%-იანი განაკვეთი ბიზნესისთვის იყო უფრო მისაღები,” - განმარტავს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати