USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
ივანე მაჭავარიანი - IT-საქმიანობისა და საზღვაო სერვისების სფეროებში მონაწილე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს
дата:  1339

მთავრობას წარვუდგინეთ დადგენილების პროექტი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისში კანონით დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ცნება და დღეს კი უბრალოდ დაზუსტდა, რა საქმიანობებს მოიცავს ის, რა შეზღუდვები აქვს და რა შეღავათები.

„ეს არის IT-საქმიანობის სფერო და საზღვაო სერვისები, საიდანაც გამოვყოფ ძირითადს - გემის გაქირავება ეკიპაჟით და უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით მომარაგება, გემთმშენებლობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექტირების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად და ა.შ. რაც შეეხება შეღავათებს, ეს არის 5% მოგების გადასახადი და 5% საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე. არის დამატებითი ხარჯების ნუსხა, რომლითაც შეუძლიათ შეამცირონ მოგების გადასახადი. ერთია საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის სრული გაქვითვა, მეორე კი - საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქციო მომსახურების ხარჯები. ამ სტატუსის მისაღებად კომპანიას უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება. კომპანია გააკეთებს განაცხადს შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი მთავრობა ამ განაცხადს შეისწავლის და მიანიჭებს კომპანიას სტატუსს“, - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати