USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
ივანე ჩხაიძე - 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია
Date:  642

“10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია”-  ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო; თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.

“ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი თავისი მიმდინარეობის თავისებურების, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის  გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს.

თუ ბოლო 5 კვირის მონაცემებს შევადარებთ, ის სტატისტიკა, რასაც “დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, ნათლად გვიჩვენებს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის მატულობს. მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განსაკუთრებით მკვეთრი მატება იანვრის პირველ, მეორე და მესამე კვირას გამოვლინდა.  იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.  ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, უხეშად რომ ვთქვათ, 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, მთელი ამ მატების პერიოდის განმავლობაში    გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა. თუ შემდეგ კვირას იქნება უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში პიკი არ დამდგარა, თუ იანვრის მეოთხე და თებერვლის პირველ  კვირას შედარებით შემცირებული იქნება, შეგვეძლება იმის თქმა, რომ პიკმა უკვე გადაიარა.

თუ საერთო მაჩვენებელს შევხედავთ, ანუ 100 000 მოსახლეზე არის, თუ არა მომატებული   ინფიცირების რიცხვი და მძიმე ინფექციების მაჩვენებელი, აქ ასეთი მკაფიო დინამიკა ნამდვილად არაა. წლევანდელი მონაცემები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2 წლის უკან იყო”-  განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მანვე განმარტა, რა ტიპის ვირუსია ახლა უფრო მეტად გავრცელებული.

“ყველა წინა სტატისტიკა მკაფიოდ გვიჩვენებდა, რომ H1 ტიპის ვირუსი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, ბოლო მონაცემი, იანვრის მესამე კვირა მიგვითითებს, რომ პირიქით, B  ტიპის ვირუსის სიჭარბეა. ახლა 36% B ტიპის ვირუსია, 24% A ტიპის H1 ტიპის ვირუსი.

არის ასეთი მითი, რომ A ტიპის ვირუსი ბევრად მძიმეა, B  ტიპთან შედარებით, თუმცა, კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. მკურნალობა გრიპის ვირუსების ტიპების მიხედვით არ განსხვავდება. ორივეს იდენტური კლინიკური სიმპტომატიკა ახასიათებს: ესაა მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, თავის ძლიერი ტკივილი, ყელის, თვალების ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება,  მცირე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, ღებინება და დიარეა გამოჩნდეს.

რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია გვიანი არასდროსაა. ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში თავი აუცილებლად უნდა დავიცვათ შესაძლო ინფიცირებისგან. ესაა ნიღბის ტარების ვალდებულება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა, კონტაქტებისგან თავის არიდება.  2 კვირის შემდეგ ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო დაცვას გვაძლევს.

მეორე რეკომენდაცია მკურნალობას ეხება:  გრიპი იმ ვირუსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არსებობს. აქ ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს დაცული – ამ საშუალების (“ოზელტამივირი” ჰქვია პრეპარატს), გამოყენების ეფექტიანობა მაქსიმალურად მაღალია დაავადების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. პედიატრმა და ოჯახის ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, არის, თუ არა გრიპის ვირუსი და არის,  თუ არა საჭირო ანტივირუსული პრეპარატის დაწყება. ეს არაა სიცხის დამწევი საშუალება, რომ ყველამ მიიღოს. თუ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს და აღგენიშნათ ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე, სასურველია,  პირველივე დღეს თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში იყოს და გადაწყვეტილება მიიღოს, დაიწყოთ, თუ არა ანტივირუსული პრეპარატი”- განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, იაშვილის სახელობის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია.

„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“ –  განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ახლა კორონავირუსი აქტიური   არაა.

“ბოლო 3 კვირის განმავლობაში კოვიდი მხოლოდ 1 კვირის სტატისტიკის მონაცემებში მოხვდა.  კორონავირუსი ახლა აქტიური ნამდვილად არაა. ციფრიც, რაც დაფიქსირდა, 1 და 2 %-ის  ფარგლებში იყო. იანვრის თვეში, მესამე კვირას კორონავირუსი არ ფიქსირდება, თუმცა შემთხვევები იქნება, მაგრამ იმდენად ცოტაა,  რომ მათი იდენტიფიცირება ლაბორატორიული კვლევებით ვერ მოხერხდა.” – განაცხადა ჩხაიძემ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way