USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
იურისტი ლევან ნატროშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით
თარიღი:  951

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იურისტი ლევან ნატროშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რატომ არის მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა რუსული და რატომ არ ჰგავს ის დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ კანონებს.


თბილისი პოსტი ლევან ნატროშვილის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ვინაიდან სამთავრობო პროპაგანდისტული არხები მთელი სიმძლავრით მუშაობს და არსებობს რისკი იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილმა მართლა დაიჯეროს, რომ ის რაც პარლამენტში დარეგისტრირდა, დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონების მსგავსია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვეცდები, ოდნავ ვრცლად განვმარტო ეს საკითხი. წესით, ეს განმარტება არ უნდა იყოს საჭირო მაშინ, როცა თავად იმ ქვეყნების ოფიციალური პირები განცხადებას განცხადებაზე ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონის ქართული ვერსია არ არის მათი მსგავსი და ის რუსულ კანონს ჰგავს, მაგრამ მაინც.
მსოფლიოში მოქმედი ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონები პირობითად ორ მსხვილ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:

1) დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონები (მაგალითად, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის კანონი, ავსტრალია და ა.შ.) და
2) არადემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონები (რუსეთი, ყირგიზეთი, ელ სალვადორი, უნგრეთი (გაუქმებული) და ა.შ.).

პირველ ჯგუფში შემავალ კანონებს ის ახასიათებს, რომ ისინი მიმართულია:

i) ძირითადად უცხო ქვეყნის ლობისტური ან სარეკლამო საქმიანობის რეგულირებაზე და არა ყველანაირი საქმიანობის ანუ უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენ სადმე რეგისტრირების ვალდებულება გიჩნდება. დაფინანსებასთან ერთად, შენ ამავე დროს პირდაპირ უნდა ატარებდე დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესებს და აქ, როგორც წესი, დიფერენცირება არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, მედიაორგანიზაცია, ბიზნესი თუ სხვა რამ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იქნება, რომ ლობირებდე დამკვეთი ქვეყნისთვის სავაჭრო პრეფერენციებს. ანუ შენ თუ, მაგალითად, თანხას იღებ იმაში, რომ დაწერო კვლევა სასამართლოზე, სამართლებრივი დახმარება გაუწიო მოსახლეობას, დააკვირდე არჩევნებს, გასცე სასწავლო გრანტები და ა.შ. მაშინ ვერ იქნები მიჩნეული სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლად.

ii) მტრული ან არამეგობრული ქვეყნიდან წამოსული ფულის დასარეგულირებლად. ანუ ასეთი კანონებით შეიძლება გარკვეული რეგულაციები დაწესდეს არამხოლოდ ლობისტური/სარეკლამო საქმიანობაზე, არამედ სხვა ტიპის აქტივობებზე, თუკი ეს ქვეყანა არ არის შენი პარტნიორი და შემჩნეულია შენს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის ან აგენტის სტატუსი მხოლოდ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა და, როგორც წესი, ეს ძალიან მცირე რაოდენობის ორგანიზაციას და ინდივიდს ეხება ხოლმე.


მეორე ჯგუფში შემავალ კანონები, მათ შორის, რუსეთში მოქმედი კანონი მიმართულია:


i) დაარეგულიროს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის ან აგენტის სტატუსი მიაკეროს, თითქმის ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით იღებ ფულს, მართლა უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, თუ, მაგალითად შენს სოფელში ბიბლიოთეკის მოსაწყობად. ეს პრობლემური იმიტომ არის, რომ რეალურად შენ შეიძლება გაკრავდნენ უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლა არაფერს მსგავს არ აკეთებ. ასევე, ამ ყველაფერს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე შენი სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და დევნა. უკიდურეს შემთხვევაში კი, ხდება გაცილებით სერიოზული შეზღუდვების შემოტანა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ასეთი ორგანიზაციების / ინდივიდების საქმიანობას. სწორედ ეს არის ხოლმე ამ ტიპის კანონების მიზანი და არა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.


ii) ისეთი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად არ არიან შენს მიმართ მტრულად განწყობილი და მხოლოდ იმიტომ ახდენ მათ დემონიზებას, რომ არ გსურს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და გეშინია, ამ ფულით შენს ძალაუფლებას არ შეექმნას საფრთხე.


ახლა რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანონი სწორედ მეორე ჯგუფში შემავალი ქვეყნების კანონების მსგავსი, ანუ რუსული კანონი:


1. ეს კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის (წინა ვერსიით აგენტის) იარლიყს აკრავს თითქმის ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად ვინ რას საქმიანობს, ასეულობით ორგანიზაცია ავტომატურად ჩაითვლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად, რაც, როგორც მინიმუმ, ღირსების შემლახველია. ეს იმას ადასტურებს, რომ რეალურად ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას კი არ ემსახურება ეს ინიციატივა, არამედ მათ სტიგმატიზებას და სახელის გატეხას. ვინმეს თუ მართლა გამჭვირვალობა ადარდებს, მიუხედავად ამისა რომ ამის საჭიროება არ არსებობს, მაინც შესაძლებელი იყო, უბრალოდ ფინანსების დეკლარირების რაღაც დამატებითი ფორმები შემოღებულიყო ყოველგვარი უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიკვრის გარეშე. ასევე, აქ ყველაზე კომიკური ის არის, რომ უცხოეთიდან საქართველოში შემოსული დაფინანსების ლომის წილს სახელმწიფო ინსტიტუტები იღებენ. ანუ რა გამოდის, ის, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში და თან უფრო მეტ თანხას იღებს უცხოეთიდან, ის არ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და ისინი, ვისაც არანაირი ფორმალური ძალაუფლება არ გააჩნიათ და მათ მიერ მიღებული თანხები შეუდარებლად უფრო მცირეა, ისინი ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს.

2. ქართული/რუსული კანონი ექსკლუზიურად მიმართულია ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსების წინააღმდეგ და არა მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია. ასეთი დიფერენცირება კანონში არ ხდება, თუმცა ფაქტობრივად ეს ასეა, ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი დაფინანსება ლეგალურად და გამჭვირვალედ მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან შემოდის, აბა რუსული ფული ისედაც არ ჩანს ლეგალური არხებით. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ სწორედ დასავლური ფულის რეგულირებას ემსახურება ეს კანონი.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საღად მოაზროვნე ადამიანი, წესით, ადვილად უნდა ხვდებოდეს, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, რატომ ცხადდებიან ამ კანონით ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მტრებად და რატომ შეუშლის ეს ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - გავხდეთ განვითარებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის