USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
ისტორიკოსი ბექა კობახიძე, "გარეჯის მთის სიმართლის" შესახებ - რატომ ატყუებენ ადამიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანიდან
თარიღი:  1312

ისტორიკოსი ბექა კობახიძე საოციალურ ქსელში, 2021 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმ „გარეჯის მთის სიმართლეს“ ეხმაურება და თვლის, რომ ეს ფილმი საბჭოთა პასკვილის ხასიათისაა.

"2021 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა საბჭოთა პასკვილის ხასიათის საგამოძიებო ფილმი „გარეჯის მთის სიმართლე“.

აქ იმდენი მსხვილკალიბრიანი ტყუილია ნათქვამი, იმდენი ფაქტია დამახინჯებული, ჭეშმარიტების დამდგენი იმდენი ფაქტია მიზანმიმართულად დამალული, რომ არ შემეძლო ვრცელი რეცენზია არ დამეწერა. არაფერი ვიცი ფილმის ავტორების შესახებ, ვინ არიან ქალბატონები ლია ტოკლიკაშვილი და მაია გოგოლაძე. ძალიან მინდა მათი ვინაობა უფრო ფართოდ გახდეს ცნობილი, ვიცნობდეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი უმსგავსობების კეთება შეუძლიათ.

გარდა ამისა, ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ამ ფილმის ტირაჟირებას საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია აკეთებს. ობიექტურად მქონდა განცდა, რომ დამთავრდებოდა ფილმი და დაიწყებოდა „ვრემია“.

კარგად ნათქვამი ტყუილი ყოველთვის სიღრმისეულ პატარა დეტალებში იმალება, ისე რომ ადამიანებს გაგება გაუჭირდეთ. ამიტომ, მე მომიწია ამ სიღრმეებში ჩასვლა და ამ დეტალების გაშლა. შესაბამისად, ეს ტექსტი დიდიც არის და არც ადვილად იკითხება. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ტექსტი ყველამ ვერ დაძლიოს.

ფილმის ფაბულა არის ასეთი: 1996 წლიდან 2014 წლამდე ყველა ხელისუფლება, მთელი ვერტიკალი, დაწყებული დაბალი რანგის მოხელიდან დამთავრებული სახელმწიფოს მეთაურებამდე ყიდდნენ გარეჯს, ვერ მოასწრეს, არ ეყოთ 18 წელი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა ირაკლი ღარიბაშვილი და მამა კირიონთან ერთად იხსნა საქართველო კატასტროფისგან.

თქვენთან ერთად ვუყურებ ახლა ფილმს და მოდით წუთობრივად გავიაროთ შესაბამისი მონაკვეთები.

პირველივე წუთზე ფილმი იწყება განცხადებით, რომ ავტორები ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ პოზიციას და, ამავე დროს, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ფილმში მოყვანილ ყველა ფაქტსა და მტკიცებულებაზე.

ფილმის ყურებისა და ამ რეცენზიის კითხვისას კარგად დაინახავთ, რომ „საგამოძიებო ჟურნალისტიკის“ შინაარსი უკიდურესად პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. მეორე მხრივ, ძალიან კარგი თუ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებენ, რადგან ველი ამ რეცენზიაში გამოკვეთილ კითხვებზე მათ პასუხს.

მეორე და მესამე წუთებზე საუბარია იმაზე, რომ ქართველი მესაზღვრეები ჩიჩხიტურზე ვერ ადიან. მესმის ვითარების დრამატიზების სურვილი, მაგრამ ეს ტყუილია. ჩიჩხიტური არის სერზე, ქართულ მხარეს, იქ მომლოცველებს თავად ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ, თორემ მესაზღვრეებს არავინ უკრძალავს მისვლას. ქართველები ვერ მიდიან ჩიჩხიტურის კელიებამდე, რომელიც ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული და აზერბაიჯანელების კონტროლქვეშაა.

მეოთხე წუთზე ავტორები გვაცნობებენ, რომ რაღაც უნიკალურთან გვაქვს საქმე, დღემდე უცნობ მასალებზე დაყრდნობით გაკეთდა ფილმი „მივაკვლიეთ, მოვიძიეთ...“. ესეც ტყუილი. სპეციალისტებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ამ ფილმში წარმოდგენილი ერთი დოკუმენტიც არ არის ახალი. საერთოდ არაფერი.

მეხუთე წუთზე საუბარია იმაზე, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანულმა მხარემ შეზღუდა მომლოცველების და ბერების ქედს მიღმა გადასვლა. კელიების რესტავრაცია კი არის ნახსენები, მაგრამ ანტიაზერბაიჯანული სენტიმენტების გაღვივების პარალელურად, არ არის ახსნილი აზერბაიჯანული მხარის მოტივაცია. აზერბაიჯანი თვლის, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის საზღვარი გადიოდა გარეჯის ქედზე. ეს ორი სახელმწიფო შეთანხმებულია, რომ ურთიერთობისას იხელმძღვანელებენ საბჭოთა საზღვრებით. ასეთ ვითარებაში, ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კელიები და უდაბნოს მონასტერი ექცევა აზერბაიჯანულ მხარეს. ეს ვითარება ჯერ ოფიციალურად არ არის შეთანხმებული, მაგრამ ასეთია ხედვა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი (განსაკუთრებით მამა ალიევის მმართველობის დროს) ანგარიშს უწევდა ქართული მხარის სენსიტიურ დამოკიდებულებას მონასტრებისადმი და ქედს გადაღმაც მეგობრულად უშვებდა ქართველ მომლოცველებს. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ თავზე ხელი უნდა აგვეღო და თვითნებურად მოქმედება დაგვეწყო? 2005 წელს ქართველმა ბერებმა, აზერბაიჯანელების დაუკითხავად, თვითნებური რეაბილიტაცია დაუწყეს ქედს გადაღმა მდებარე ჩიჩხიტურის კელიებს. ამან, ბუნებრივია, აზერბაიჯანელების განაწყენება და საპასუხო ქმედებები გამოიწვია.

ასე მაგალითად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე არის ოფრეთის ციხე და ეკლესია. იქ ქედი არა და მდინარე შულავერი ყოფს საზღვარს. ციხე არის სომხურ მხარეს, ეკლესია ქართულ მხარეს. სომხები რომ უნებართვოდ გადმოვიდნენ და ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყონ, მგონი გვექნება რაღაც რეაქცია, არა? ამიტომ, ამ საკითხს ხანდახან მეორე მხარის თვალითაც უნდა შევხედოთ. ამ ფილმში ეს პროცესი წარმოდგენილია მხოლოდ იმ კუთხით, რომ აი, საზიზღარი აზერბაიჯანელები ჩვენს მონასტერში არ გვიშვებენ. მგონი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება ხალხის განათლებაა და არა უცოდინარი ფანატიზმის გაღვივება.

მეექვსე წუთზე ნათქვამია, რომ 2019 წელს გზა უდაბნოს მონასტრისკენ ისევ გადაიკეტა და ეს დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტთანო. არა ბატონებო, შეხვედრას კი არა (შეგიძლიათ გადაამოწმოთ), ეს დაემთხვა პრეზიდენტის გარეჯში ჩასვლას, კამერების წინ შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად გამოჩენას და იქიდან ალიევისადმი მიმართვას, რომ საზღვრის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, ის ვეღარ იცდისო. გეგონება ატომური სახელმწიფო ვიყოთ და ალიევი, სალომე ზურაბიშვილის შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად დანახვაზე, შეშინდებოდა - თავზე არ გადამიარონო. ეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო უტაქტობა და მეორე მხარემ ეს აღიქვა დამცირების მცდელობად. შედეგად, უდაბნომდე მისასვლელი გზა დაიკეტა. რასაკვირველია, ამ უტაქტობაზე ფილმში არაფერია ნათქვამი.

მეშვიდე წუთიდან საუბარია იმაზე, რომ 1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ეხელმძღვანელათ 1938 წელს გავლებული სასაზღვრო ხაზით და რომ ეს შეთანხმება უფრო აწყობდა აზერბაიჯანს, ვიდრე საქართველოს, რადგან ამის ალტერნატივა იყო მხარეებს ეხელმძღვანელათ 1920 წლის 12 ივნისის საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით საქართველოს ბევრად მეტი ტერიტორია ეკუთვნოდა და რომელიც ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხსაც სადავოს ხდისო.

ეს არის კიდევ ერთი მავნებლობა, რომლის ტირაჟირება რადიკალიზმისკენ უბიძგებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში არსად (!) არ დამდგარა საბჭოთა დროს დადგენილი საზღვრები ეჭვქვეშ. განა იმიტომ რომ ყველას მოსწონს ეს საზღვრები, პრინციპში არც არავის მოსწონს, არამედ იმიტომ რომ არსებული საზღვრების არაღიარება გამოიწვევდა დაუსრულებელ ომებს ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. მათ შორის, საქართველოც საომარ ვითარებაში აღმოჩნდებოდა თავის ყველა მეზობელთან. ჩვენ გვენდომებოდა ლორე, ზაქათალა, ართვინ-არდაგანი, ხოლო ჩვენს მეზობლებს აჭარა, ახალქალაქი და ა.შ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა საზღვრების რევიზიას ცდილობს და ამ მცდელობათა ისტორიული არგუმენტებით „ლეგიტიმაციას“ ეწევა არის რუსეთი, ხოლო საქართველოს მხრიდან საბჭოთა საზღვრების რევიზია, ნებსით თუ უნებლიეთ, იქნებოდა რუსეთის თამაშის თამაში. ამიტომ, ასეთი ალტერნატივა, მადლობა ღმერთს, აზრად არავის მოსვლია, გარდა ფილმის ავტორებისა.

რატომ შეთანხმდნენ საზღვრები გაევლოთ 1938 წლის მდგომარეობით? ამაზე ბევრი აბდა-უბდაა ნათქვამი ფილმში, მაგრამ არა რეალობა: 1936 წლამდე საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი შედიოდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერეციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. ანუ, ფორმალურად, წარმოადგენდნენ ერთ სახელმწიფოს.

1936 წელს ეს ფედერაცია დაშალეს და, სამეურნეო მიზნებით, საჭირო გახდა საზღვრების გამიჯვნაზე შეთანხმება. ეს შეთანხმება მოხდა 1938 წლის მარტში, სადაც ნათქვამია, რომ ხაზი უნდა გავლებულიყო 1:500000 რუკის მიხედვით. მეცამეტე წუთიდან სრულიად ურცხვი ტყუილია ნათქვამი: კი გვაქვს 1938 წლის 1:500000-იანი, რუკა, მაგრამ მასზე სასაზღვრო ხაზის დადგენა ვერ ხერხდებაო. მე მაქვს ეს რუკა და ამ პოსტის სურათში სწორედ ის არის მოცემული, რომლითაც ძალიან თვალნათლივ დგინდება - საზღვარი გადის სერზე, კერძოდ კი მწვერვალ უდაბნოზე! რასაკვირველია, ფილმში ეს დამალეს და არავის უხსენებია.

უფრო მეტიც, კიდევ ერთი არანაკლები მასშტაბის ტყუილი: მეთორმეტე წუთიდან საუბარია, რომ 1938 წელს, თითქოს, საველე გამოკვლევების შედეგად შედგენილი 1:200000-იანი რუკის გამოყენებით საზღვრის გამიჯვნაზე შეთანხმდნენ და ამიტომ საქართველოსაც უნდა ესარგებლა ამ რუკითო. ეს არის უბრალოდ ტყუილი. საველე გამოკვლევების შედეგად შედგენილი 1:200000-იანი რუკის გამოყენებაზე შეთანხმდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო არაფერ შუაშია. ჩემი არ გჯერათ? ფილმის ავტორებს ეს მომენტი გაეპარათ. დაბრუნდით 6:49 წუთზე, სადაც ეს დოკუმენტი აქვთ ეკრანზე გამოტენილი და სადაც ნათლად წერია ის, რასაც ვამბობ. შემდეგ ამ ტყუილს ფილმში არაერთხელ იმეორებენ, მთავარ არგუმენტად გამოყავთ.

კიდევ უფრო მეტი, როგორ მივედით 1938 წლის სასაზღვრო შეთანხმებამდე? როდის, როგორ და ვის მიერ განისაზღვრა სასაზღვრო ხაზი? ეს საკვანძო ეპიზოდი მთლიანად გამოტოვებულია ფილმში და გაკვრითაც არ არის ნახსენები. როგორც ზემოთ ვთქვი, 1936 წლამდე საქართველო და აზერბაიჯანი, ერთი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდნენ. 1929 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკ-მა) დაადგინა ფედერაციის სუბიექტთა საზღვრების დეტალური აღწერილობა. გარეჯის მონაკვეთზე ვკითხულობთ:

Спорную часть дачи ДавидоГареджинского монастыря площадью около 2.000 десятин считать принадлежащей Тифлисскому уезду ССРГ.

Об установлении границ от Давидо-Гареджинской дачи до р. Куры; Казахским АССР и Тифлисским ССРГ уездами границу по следующим местам: от кургана у перевала дороги Шихлы Караван-ел по этой дороге через курганы. отсюда по хребту. Удабно через тригонометрический пункт Удабно и далее по хребту Чичхитурисери через башню.

ანუ, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, სამწუხაროდ, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ქედზე გადის საზღვარი, პირდაპირ კოშკზე გადის საზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს რჩებოდა უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კელიები. არც ერთი (!) დოკუმენტი, ერთი ქაღალდის ნაგლეჯიც კი არ არსებობს, რომელიც საზღვრის ზემოხსენებული აღწერის ცვლილებაზე თუნდაც მიგვანიშნებდა. როგორ, საზღვარი შეიცვალა, გადაიწია და ამის შესახებ ერთი ფორმალური დოკუმენტიც არ შექმნილა? ამის შესახებ, თუნდაც ზეპირად, არც ქართული და არც აზერბაიჯანის კომპარტიების მხრიდან არაფერი თქმულა? ეს ვინმეს წარმოგიდგენიათ?

უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე,  1938 წლის 1:500000-იან რუკაზეც მწვერვალ უდაბნოზე გადის საზღვარი და სწორედ ეს რუკაა 1938 წლის შეთანხმების შედეგად შექმნილი.

რატომ არაფერია ამის თაობაზე ფილმში ნათქვამი? რატომ ატყუებენ ადამიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანიდან? რატომ ცდილობენ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებას? ეს არის პატრიოტიზმი?

1:500000-იანი რუკით, მასშტაბის სიდიდის გამო, რასაკვირველია, შეუძლებელია საზღვრის ყველა მონაკვეთის დეტალურად დადგენა, მაგრამ ცალსახად და უდავოდ დგინდება ის, რომ 1938 წელს საზღვარი მწვერვალ უდაბნოსა და ქედზე გადის, ფილმისგან განსხვავებით, ეს პირდაპირ და არაორაზროვნად არის რუკაზე ნათქვამი.

ან სად ნახეთ და სად გაგიგიათ, რომელი მაგალითი იცით სახელმწიფოთა შორის საზღვარი გადიოდეს ქედზე და ის იყოს ქედის ძირში და არა სერზე? არც ამ კითხვას შეუწუხებია ფილმის ავტორები.

ისე, მაინც რომ ვიცოდეთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ოფიციალურ ბრალში ერთი სიტყვაც არ არის გარეჯზე ნათქვამი. ანუ, იმდენად მკაფიოა გარეჯზე ბრალდების იურიდიული აბსურდულობა, რომ საქმეში მასზე არაფერია ნახსენები. „გარეჯი საქართველოა!“ ეს საარჩევნო ლოზუნგია, ტელეიმედისთვის, ასეთი ფილმებისთვის, თქვენს მოსატყუებლად. ფილმი ამაზე კვლავ არაფერს ამბობს და საქმე ისე  მიჰყავთ, გეგონება გარეჯის გარშემოა გამოძიება დაწყებული. გარეჯზე ბრალს ვერც ვერავის წაუყენებდნენ, რადგან საზღვრის ეს მონაკვეთი არც არავის შეუთანხმებია აზერბაიჯანულ მხარესთან. აქ სულ სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზეა საუბარი, მაგრამ თქვენ რომ კარგად „ავარდეთ“ ტელესივრცეში გარეჯს აფრიალებენ.

მეთვრამეტე წუთიდან კიდევ ერთი მსუყე ტყუილი: ფილმის ავტორები და კარტოგრაფი ბნ. გორდეზიანი აპელირებენ 2013 წელს გარდაცვილი კარტოგრაფის - ჯანო კეკელიას სახელით, აყალბებენ მის ნათქვამს და ამბობენ, რომ თითქოს განსვენებული მეცნიერი ომობდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ა.შ. სინამდვილეში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მან ინტერვიუ მისცა ჯაბა სამუშიას ჟურნალ „ისტორიანს“ (იხ. 2012 წლის ივნისის ნომერი), სადაც განაცხადა: „ისტორიულად ეს ჩვენი ტერიტორიაა. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ, მათ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა მოახდინეს. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვარი მათ დავითგარეჯის ტერიტორიაზე წყალგამყოფზე გაატარეს. ფერდობზე რაც იყო, დარჩა ჩვენთან. ჩიჩხიტური და უდაბნო კი - წყალგამყოფს მიღმა.“

უფრო მეტიც, მან 2006 წელს გამოსცა წიგნი „საქართველოს საზღვრების ისტორია“, სადაც წერდა: "დადგინდა საზღვარი გარეჯიდან მდ. მტკვრამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის ხაზი გატარდა შიხლიკარავანელის უღელტეხილზე გამავალი გზის პირას მდებარე ბორცვიდან, შემდეგ იგი გადიოდა ორ ბორცვზე; შემდეგ თვალსაჩინო წერტილიდან; გავლით და შემდგომ ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გამავალი მთავრდებოდა ბორცვზე“.

სინდისი საერთოდ არ გაქვთ? უდანაშაულო ცოცხალ ადამიანებს ერჩით, გავიგე, მიცვალებული მაინც დაასვენეთ!

ვინ არიან „ბრალმდებელ პროფესიონალებად“ მოხმობილი ხალხი ესოდენ „აპოლიტიკურ“ ფილმში? ბნ. სამუშია, რომლის ბიოგრაფია, თანამდებობები და პოლიტიკური პოზიცია ცნობილია.

ფილმში საყვედურია გამოთქმული (42-ე წუთი), რომ პროფესიონალებს არ იწვევდნენ კომისიაში სამუშაოდო და ამ ფონზე გამოდის აწ გარდაცვლილი ბნ. გიორგი ოთხმეზურის ვიდეო გამოსახულება, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ამ საქმით დაკავებული. ღმერთმა აცხონოს, მაგრამ „აპოლიტიკური“ ფილმის ავტორებმა განა არ იციან, რომ ოთხმეზურს ძალიან მკაფიო პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა?

იქვე არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - ბატონები ხორბალაძე, გორგოძე, მათთან დაახლოებული გორდეზიანი, მამა კირიონი. მოკლედ, ერთი მხარე, ერთი სამეგობრო.

მეოცე წუთიდან საუბარია იმაზე, რომ კომისიას 2014 წლამდე არ უძებნია და არ გამოუყენებია 2020 წელს „აღმოჩენილი“ 1:200000-იანი რუკა. ესეც ტყუილია. რამდენადაც ვიცი, ნატალია ილიჩოვას დაახლოებით 2000 წლიდან აქვს ეს რუკა. მან პირადად მოიპოვა და შეინახა, მაგრამ არ იყენებდა, როგორც კარტოგრაფიულად გამოუსადეგარს. მამა კირიონს არ მისცა ეს რუკაო, ნასაყვედურებია ფილმში. ვინმე ამიხსნის რატომ უნდა მიეცა ბერისთვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს რუკა?

კონკრეტულად 20:24 წუთზე ნათვამია საკვანძო ტყუილი, რომ თითქოს 1:200000-იანი რუკა აზერბაიჯანის მიერ არის აღიარებული. ამას ვრცლად მინდა რომ შევეხო: თუ აზერბაიჯანული მხარე არ აღიარებს ამ რუკას სამუშაო დოკუმენტად, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მასზე საუბარს?! თუ საზღვრის დამდგენ კომისიაში ვერ გამოვიყენებთ, ასეთ საგამოძიებო ფილმებსა და ტელეიმედის პასკვილებში შეიძლება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რუკაც ვაფრიალოთ, ვინ გვიშლის? თავად ფილმისა და „ბრალმდებელთა“ ჩვენებითაც, 2014 წლიდან მოყოლებული ხომ აქვს კომისიას ეს რუკა? გავიდა 7 წელი (!), რატომ არ შეუთანხმებია ხელისუფლებას აზერბაიჯანულ მხარესთან 1:200000-იანი რუკის გარშემო თანამშრომლობა? რატომ გვამცნეს 2020 წელს წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო მედიებმა, რომ „უცნობმა გმირმა“ დავით ხიდაშელმა მოიპოვა „აქამდე უცნობი“ რუკა, მაშინ როდესაც ეს რუკა კომისიას აქვს 2014 წლიდან? ემანდ წინასაარჩევნო სენსაციების ამბავი ხომ არ იყო?

საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი და საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ 2019 წლის მაისში ბაქოში შესთავაზეს აზერბაიჯანულ მხარეს ამ რუკის გარშემო თანამშრომლობა. აზერბაიჯანელებმა ამაზე უარი განაცხადეს. რატომ არაფერი იყო ამის თაობაზე ფილმში ნათქვამი??? ბატონი მიქელაძე შერისხულია ასეთი განცხადების გამო და, ვინ იცის, შეიძლება მასაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაცვა დასჭირდეს ადრე თუ გვიან.

თუ აზერბაიჯანი უარს გვეუბნება ამ რუკის აღიარებაზე, ამ ხალხს რატომ აქვს ბრალი წაყენებული??? კაი, დავანებოთ 2014 წელს თავი. რვა თვე ხომ გავიდა რაც საქმე აღძრეს? რანაირად ვერ მოხერხდა, რომ რვა თვის მანძილზე აზერბაიჯანელებისთვის კიდევ ერთხელ შეეთავაზებინათ ამ რუკის გარშემო თანამშრომლობა და ჩვენც მოგვესმინა მათი პასუხი? რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ხარვეზიან რუკას აზერბაიჯანი არ მიიღებს (მეტადრე მაშინ, როდესაც არც 1938 და არც 1996 წლების შეთანხმებები მას არ ახსენებენ), მაგრამ ეს რუკა აზერბაიჯანელებთან სალაპარაკოდ არ არის წინ წამოწეული. მიზანია თქვენი გაგიჟება, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია და სხვა მანკიერი ოინები.

კარგით, დავუშვათ 1:200000-იანი რუკაა ერთადერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სრულიად უხარვეზო რამ არის, რომელსაც წინა გამყიდველი ხელისუფლებები და საჯარო მოხელეები არ იყენებდნენ. ახლა ხომ ვართ „საიმედო ხელში“? რატომ არ აკეთებს მთავრობა აზერბაიჯანთან წინა სასაზღვრო მოლაპარაკებების დეზავუირებას და რატომ ტოვებს ძალაში 1:100000-იანი რუკით მოლაპარაკებულ საზღვრებს? რა გამოდის, რომ ახლანდელი მთავრობაცა და პარლამენტიც დამნაშავეა? მათივე ლოგიკით, სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.

22-ე წუთიდან საუბარია იმაზე თუ რა დამატებით ტერიტორიებს მოიპოვებდა საქართველო თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სახელმძღვანელო გახდებოდა 1:200000-იანი რუკა. აქ ჩამოთვლილია რიგი სასაზღვრო მონაკვეთები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რას დავკარგავდით, მათ შორის წითელი ხიდის მონაკვეთში. აქ უკვე ვეღარ ვგებულობ, ეს ფილმი შოთაძის გაკეთებულია თუ ჟურნალისტის, რადგან ის ერთი ერთზე იმეორებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ ინფორმაციას.

25-ე წუთზე ნათქვამია, რომ თუ ვინმე შეადარებდა 1938 წლის რუკებს 1942 წლის 1:100000-იან რუკასთან, აშკარა გახდებოდა, რომ 1942 წლის რუკით წამგებიან მდგომარეობაში იყო საქართველოო. კიდევ ერთხელ ჩახედეთ ამ პოსტის სურათს, რომელზეც 1938 წლის 1:500000-იანი რუკაა გამოსახული. როგორც 1938 წლის 1:500000-იან, ისე 1942 წლის 1:100000-იან რუკებზე გარეჯის მონაკვეთზე საზღვარი გადის სერზე, მწვერვალ უდაბნოზე. მე არა, საკუთარ თვალებს დაუჯერეთ. სხვა ინფორმაციას იძლევა მხოლოდ 1:200000-იანი ხარვეზიანი რუკა, რომლის გარშემო აზერბაიჯანი არ თანამშრომლობს და რომელზე სწორებას არც ერთი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი არ აკეთებს. ესე იგი, ყველა რუკა მცდარია, ყველა ადამიანი მოღალატეა, ერთადერთი 1:200000-იანი რუკაა ჭეშმარიტი და მისი მქადაგებელი არის ღარიბაშვილი, კირიონი, ხორბალაძე, გორგოძე? კარგით, ჩვენ დავუშვათ დავიჯერეთ ეს, მაგრამ ამით საზღვარი ხომ არ შეიცვლება? ეს აზერბაიჯანელებმაც უნდა დაიჯერონ და რომ არ გამოვა ეს ამბავი? თქვენია ხელისუფლებაც, თქვენია რუკაც და თქვენია მამა კირიონიც. თუ ამ საქმიდან რამე გამოვა ამ პოსტზე დიდ ბოდიშს დავწერ, მაგრამ რომ არ გამოვა, ივერი მელაშვილს ვინ აუნაზღაურებს ამხელა მორალურ შეურაცხყოფას?

27-ე წუთიდან ჩამოთვლილი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც 90-იანი წლებიდან მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისინი ლამის მოღალატეებად ან სულ მინიმუმ სულელებად არიან გამოცხადებულები. ეს იმის გამო, რომ 1:200000-იან რუკას არ იყენებდნენ, ხოლო მეორე - „გმირთა“ მხარეს არიან მამა კირიონი, ბატონი ხორბალაძე და ბატონი გორგოძე. საგამოძიებო ჟურნალისტებმა არც ერთი „ბრალდებული“ არ ჩაწერეს, მაგრამ ჩაწერეს „ბრალმდებლები“. განსაკუთრებით მწვავედ მიადგნენ ქართველ დიპლომატ მალხაზ მიქელაძეს და ამაზე ზემოთ უკვე ითქვა თუ რატომ. შესაძლოა, ზოგიერთმა საჯარო მოხელე „ბრალდებულმა“ თავად თქვა უარი ინტერვიუზე, რადგან ძალიან ცხადია, რომ მათ საჯაროდ სიმართლის საუბარს არ აპატიებენ, მაგრამ დიდი რიხითა და წელში გამართული საუბრობენ ასევე საჯარო მოხელეები - ხორბალაძე და გორგოძე. ხვდებით ხომ როგორი „აპოლიტიკურია“ ეს ყველაფერი?

31-ე წუთიდან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ამბობენ, რომ რუკა არ გამოიყენა კომისიამ, რადგან რუკა იყო უვარგისიო. ამ არგუმენტის გასაბათილებლად, ფილმის ავტორები გვეუბნებიან, რომ რუკებს კალკა დავადეთ და რამდენიმე წერტილი დაემთხვაო: )))) თან, რატომღაც, მათივე განცხადებით, სულ სხვა რუკას დაადეს კალკა. აქ სიტყვაც არ ახსენეს იმაზე, რომ კარგოგრაფმა ირაკლი უგულავამ ჯიპიესების გამოყენებით ჩაატარა ექსპერტიზა და რუკას რეალურ წერტილებთან ნახევარ კილომეტრამდე აცდენა ჰქონდა. უფრო მეტიც, უკვე რვა თვე გავიდა, რაც ეს ამბავი დაიწყო და დღემდე გამოძიებას ექსპერტიზისთვის არ უკითხავს ვარგისია თუ არა რუკა! რატომ??? გამოძიებამ ექსპერტიზას ჰკითხა, იყო თუ არა აცდენა 1:100000-იან და 1:200000-იან რუკებს შორის და რასაკვირველია იყო, რადგან 1:200000-იანი რუკა ხარვეზიანია. რატომ ვერ ვეღირსეთ გამოძიებისგან და ექსპერტიზისგან იმის ოფიციალურად დადგენას, ვარგისია თუ არა ეს რუკა? იმიტომ ხომ არა, რომ მისი უვარგისობა ძალიან მკაფიოა?

34-ე წუთიდან ვრცელი სიუჟეტი მოდის, თავისი ინტერვიუებითა და საბჭოთა წარსულის ფეტიშით, იმის თაობაზე, რომ გარეჯი ქართული კულტურის ნაწილია და საბჭოთა დროს გადასვლა-გადმოსვლა პრობლემა არ იყო. კაი ერთი, იმ დროს სოჭშიც დადიოდით ნაყინის საჭმელად. ვინმე კამათობს, რომ გარეჯი ქართული კულტურის ნაწილია? ან რომ საბჭოთა სახელმწიფოს დროს გარეჯზე წვდომა შეზღუდული არ იყო?

ფილმის სცენარის ბოლო ნაწილი კი, ცოტა არ იყოს, ბერი ნიკოლოზის მრევლის დაწერილს ჰგავს, ოღონდ აქ კირიონია ნიკოლოზის როლში. ჩამოთვლილი არიან ივერი მელაშვილიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, მინისტრები, მოადგილეები, პარლამენტი და ოცნებამდე ყველა მთავრობიდან ვინ აღარ, რომ ეს ხალხი ყიდდა გარეჯს, ვიღუპებოდით, სანამ 2014 წელს ამ საქმეს მამა კირიონმა არ მოჰკიდა ხელი. ეს ნარატივი, ერთი შეხედვით, მხატვრული ფილმის სიუჟეტს ჰგავს ან ჟანა დ’არკის ისტორიას, მაგრამ არა, ეს კარგად გათვლილი უმსგავსობაა. საზოგადოებაში, სადაც „გარეჯი საქართველოა!“ წინასაარჩევნოდ მუშაობს, სადაც პოლიტიკოსებისადმი მაღალი უნდობლობაა, ხოლო ეკლესიას 90%-ზე მაღალი ნდობა აქვს, უმჯობესია სასულიერო პირი დაიყენო სახედ და არა მაგალითად ქართული ოცნება, რომ ამ ყველაფრის ავტორი ღვითკურთხეული ბერია. კირიონი სდებს ბრალს წინა ხელისუფლებებს, თორემ აბა ოცნება რა შუაშია?! თან ფილმი რომ „აპოლიტიკურია“, ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს..."

ანალიტიკა
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.