ისრაელის არმია ლიბანის საზღვრის გადაკვეთასა და სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ჩრდილოეთ ისრაელის ნაწილი სრულიად სამხედრო დახურულ ზონად გამოცხადდა. ლიბანის სამხრეთი, რომელიც ჰეზბოლას მთავარი სამხედრო ბასტიონია, საარტილერიო და საავიაციო იერიშის ქვეშაა მოქცეული. ებრაული ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები საზღვართან მობილიზდნენ და შესვლისათვის ემზადებიან.
ლიბანის არმიამ სასაზღვრო ზონა მესამე მხარის გაფრთხილების ფონზე დატოვა. ისრაელის უპირველესი მიზანი არა ლიბანის არმიასთან, არამედ ჰეზბოლასთან ბრძოლა იქნება. ისრაელის შეეცდება ომი აწარმოოს ისე, რომ ლიბანის არმია ან საერთოდ არ ჩაერიოს ან ძალიან ლიმიტირებულად. ამით ისრაელი ცდილობს ომი დატოვოს ჰეზბოლა-ისრაელის კონფლიქტის საზღვრებში და არ გადაიქცეს ორ ქვეყანას შორის ომში. ლიბანის სახელმწიფოსაც არ სურს ომი.
ამასთან, ისრაელი ცდილობს ლიბანში განსაკუთრებულად ბევრი მოკავშირე მოიპოვოს. ამით ისრაელი მის შემდგომ სამხედრო ქმედებებს ლეგიტიმურად წარმოაჩენს, ხოლო ჰეზბოლას ბრალი დაედება, რომ სწორედ მისმა აგრესიამ ისრაელის წინააღმდეგ გამოიწვია ომი ლიბანში (და არა ლიბანის წინააღმდეგ). შესაბამისად, რეალისტური იქნება თუკი ლიბანის მთავრობა და არმია ამ პროცესებისაგან განდგომას და ჩაურევლობას შეეცდება. თუმცა ვნახოთ, მეტი გამოჩნდება მოგვიანებით.
ჰეზბოლას დიდი ქსელი აქვს ლიბანში. მისი არმია 100 ათასი სამხედროსა და გასამხედროებული წევრებისაგან შედგება. ის ლიბანის არმიისაგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა ჰეზბოლას ქსელი ლიბანის სახელმწიფო ორგანიზაციების შიგნითაც არსებობს. შესაბამისად, რამდენად მოახერხებს ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე მხოლოდ ჰეზბოლასთან ომს წინასწარ თქმა რთული იქნება. თუმცა ლიბანში განწყობა ისეთია, რომ არც ისაა გამორიცხული, რომ შიდა დაპირისპირებაც კი დაიწყოს - სხვადასხვა ლოკალური ძალები ჰეზბოლას წინააღმდეგ. მით უფრო რომ ქვეყანაში იარაღი დიდი რაოდენობითაა და ეს იარაღი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ხელში შესაძლოა აღმოჩნდეს. თან ეს რელიგიური ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობენ, კარგად დადგენილი შიდა საზღვრებით.
ლიბანის 32% ქრისტიანია; 31% სუნიტი; 31% შიიტი; 4.5% კი დრუზი. ჰეზბოლას წინააღმდეგია ქრისტიანული და სუნიტური მოსახლეობის უმრავლესობა.
ისრაელის მხრიდან ლიბანში ეს პირველი ოპერაცია არ არის. 1985-2000 წლებში ლიბანის სამხრეთ ნაწილი ისრაელის მიერ იყო დაკავებული. მაშინ ისრაელს ქრისტიანული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერდა მხარს. სუნიტების გადამტერება ჰეზბოლამ გარკვეულწილად ლიბანის სამოქალაქო ომში მოახდინა, მაგრამ მასშტაბური დაპირისპირება სირიის ომის ფონზე მოხდა, როდესაც ჰეზბოლას ძალები სირიაში შევიდნენ და ლიბანის შიგნითაც უბან-უბან დაიწყო შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება.
რა იქნება ისრაელის სტრატეგიული სამხედრო ამოცანა - მხოლოდ სამხრეთ ლიბანის დაკავება და ჰეზბოლას საცეცხლე პოზიციების სრული განადგურება და ამით ჩრდილოეთ ისრაელის დაცვა, თუ ღრმად ლიბანში შეჭრა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ტოტალური ომი - ჯერ დაუდგენელია.
ჰეზბოლა მისი კომუნიკაციების განადგურებისა და ლიდერების განეიტრალების ფონზე დასუსტებულია. ირანი შეეცდება გამოიყენოს ეს პროცესი და ლიბანის ტერიტორია, სადაც შეუძლია მისი მოკავშირეების, ინსტრუქტორებისა თუ სულაც სამხედროების გაგზავნა, მაგრამ რამდენად მოახერხებს და გაბედავს ამას არაა ნათელი.