USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
Тбилиси
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს
дата:  905

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати