USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
ისრაელი - დღევანდელი დღის ქრონოლოგია (გიორგი კობერიძე)
თარიღი:  2108
გამთენიას ღაზას სექტორში ბაზირებულმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წევრებმა რამდენიმე მიმართულებიანი, სინქრონიზებული თავდასხმა დაიწყეს ისრაელის ქალაქებზე. რაკეტები იქნა გაშვებული როგორც იერუსალიმის ისე აშდოდის და სხვა დიდი თუ პატარა დასახლებების მიმართულებით. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
 
ჰამასის სამხედროებმა ზღვიდანაც კი სცადეს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა. მძიმე სიტუაციაა დასახლება სდეროტის მიმართულებით. ქალაქში ჰამასის სამხედროები გამოჩნდნენ. ცდილობენ მძევლების აყვანასა და სამხედრო-პოლიციური ტექნიკის განადგურებას.
როგორც ჩანს მცირე-მცირე ჯგუფებით ჰამასის დაჯგუფების წევრები ქალაქებში შეღწევასა და გაფანტვას ცდილობენ. აშკარაა, რომ ღაზას სექტორის მიმართულებით ახალი, ამჯერად დიდმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელს ახსოვს წლობით გაგრძელებული პირველი და მეორე ინტიფადა, რა დროსაც ებრაული ქალაქების მოსახლეობა პერიოდული თავდასხმის მსხვერპლი იყო. ახლა შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის დასაწყისს ვადევნებდეთ თვალს.
 
ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიური მთავრობა ჰყავს. ეს კი მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისადმი მზაობას ზრდის.
 
დაბოლოს, ჯერ არ არის ცნობილი რა სიტუაცია იქნება დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, იერუსალიმის ირგვლივ. იქ მყოფი პალესტინელები შეუერთდებიან თუ არა ჰამასს თავდასხმებში არ არის ცნობილი.
 
ღაზას სექტორის მომიჯნავედ 21 წერტილიდან კოორდინირებულად უტევს ჰამასი ისრაელის ტერიტორიას. ტერორისტულმა ძალებმა მოახერხეს და რამდენიმე ებრაული სამხედრო ინფრასტრუქტურა დაიკავეს. ვარაუდობენ რომ არიან გატაცებულები და ტყვეები.
 
ქალაქები ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. არის დიდი რაოდენობით დაჭრილი და დაშავებული.
 
ღაზას სექტორის მოსაზღვრე ქალაქებში ჰამასის წევრები თავს ესხმიან როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო სამიზნეებს.
ისრაელი 13:00 საათზე სამთავრობო-სამხედრო საბჭოს შეკრებას გეგმავს. არაა გამორიცხული გამოცხადდეს მობილიზაცია.
უკვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი მასშტაბური იერიშის და რაც მთავარია კოორდინირების უკან ირანი შეიძლება იდგეს.
შეგახსენებთ, რომ იომ ქიფურის ომიდან ზუსტად 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე დღევანდელი თავდასხმა. მაშინაც, 1973 წლის ოქტომბერში ისრაელს რამდენიმე მხრიდან დაესხნენ თავს. რადგან იომ ქიფურის დღესასწაულზე ხალხი სახლში იყო და წინა ომებიდან გამომდინარე თავდაჯერებაც მაღალი გახლდათ, ისრაელი მოუმზადებლად დახვდა ამ იერიშს. ახლაც ეს სიტუაციაა ჯერჯერობით.
 
ისრაელისათვის ნათელია, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს იქნება ბოლო ომი, რომელსაც ისრაელი იომებს, რადგან მის წინაშე ყოფნა-ყოფნის საკითხი იდგა და დგას.
 
სავარაუდოა რომ მალე ისრაელი კონტრღონისძიებებს გაატარებს. მაგრამ ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ ჰამასის ხელშია. ებრაული საგუშაგოების ნაწილი აღებული და აფეთქებულია. პალესტინელები ოვაციებით ხვდებიან ჰამასის წევრებს. დიდი დაპირისპირების წინაპირობაა ეს ყველაფერი.
 
15:00 სთ ისრაელი:
- ებრაელმა ავიაციამ საჰაერო დარტყმები დაიწყო ღაზას სექტორში.
- სექტორის უშუალო მომიჯნავე ტერიტორიია ჰამასის კონტროლქვეშაა.
- ჰამასმა დაბომბა რუტენბერგის თბოელექტროსადგური. ის სიდიდით მეორეა ისრაელში.
- გატაცებული ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ რამდენიმეს ფოტო და ვიდეო თავად ჰამასის მიერ იქნა გავრცელებული. მძევლებს ისინი შემდგომი შანტაჟისათვის გამოიყენებენ.
- მრავალი მშვიდობიანი ქუჩაში მოკლულ იქნა ჰამასის მიერ.
- დატყვევებულებთან ებრაელ სამხედროებთან ერთად არიან სავარაუდოდ არიან ოფიცრებიც. პალესტინელები აცხადებენ, რომ მათ შორის რამდენიმე მაღალჩინოსქნიცაა.
- ზოგიერთი ებრაული ტექნიკა ჰამასს ჩაუვარდა ხელში.
- დასავლეთ სანაპიროზე (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ტერიტორია), ქალაქ ჯენინში, სადაც რამდენიმე თვის წინ ისრაელმა ოპერაცია ჩაატარა ახლა შეიარაღებული პალესტინელები არიან გამოსულები და ზეიმობენ.
- ირანმა ჰამასს მხარდაჭერა გამოუცხადა. ღია მორალური მხარდაჭერის მიღმა სავარაუდოა რომ არსებობს ფარული სამხედრო კოორდინაციაც.
- ისრაელმა მობილიზაცია გამოაცხადა. სავარაუდოა რომ ამ დაბნეულობიდან და მოულოდნებობიდან ისრაელი მალე გამოერკვევა. ამასობაში ჩქარობენ ჰამასის მხარდამჭერები რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის დაკავება მოასწრონ.
 
18:00 სთ, ისრაელი:
- ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორის სიახლოვეს დაიწყეს თავმოყრა. სავარაუდოა, რომ ისინი სექტორის მიმართულებით სახმელეთო იერიშის დაწყებას გეგმავენ. არსებობს საშიშროება, რომ ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში შეჭრის შემთხვევაში, ჰეზბოლამ, ლიბანში ბაზირებულმა, ირანის მართულმა შიიტურმა ტერორისტული ორგანიზაციამ შეტევა დაიწყოს ისრაელის მიმართულებით ჩრდილოეთიდან. სწორედ ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია (დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის), რათა ნებისმიერი მხრიდან იერიშის შემთხვევაში ისრაელმა შეძლოს თავდაცვა. ირანი ყველა საშუალებას გამოიყენებს ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ზოგადად, ჰეზბოლა ბევრად ძლიერი და საშიში ძალაა, ვიდრე ჰამასი.
- ისრაელის ავიაცია აქტიურად ბომბავს ღაზას სექტორს.
- ებრაული დანაყოფები ღაზას სექტორის მომიჯნავედ მყოფ ჰამასის დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ უკვე აქტიურად ამოქმედდნენ. შეტაკებები მიმდინარეობს.
- ათობით მძევლისა და ტყვის აყვანა შეძლეს ჰამასის წევრებმა. მრავალი მათგანი მშვიდობიანი ქალია. მათი მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოა, რომ ჰამასი მათი მეშვეობით ვაჭრობას შეეცდება, თუმცა რადგან არაპროგნოზირებად, ტერორისტულ ძალაზე გვაქვს საუბარი, ყველა მშვიდობიანის სიცოცხლეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, ისევე როგორც იმ დატყვევებული სამხედროების, რომელთა გადაყვანაც სექტორში უკვე შეძლეს.
- ჰამასის წევრები იმ ებრაული ტექნიკის ნაწილს, რომელსაც ვერ იყენებენ და ვერ ადგილს უცვლიან - წვავენ და აფეთქებენ.
- ჰამასის წევრები იყენებენ დრონებზე დამაგრებულ ბომბებსაც. ამასთან, კვლავ მიმდინარეობს სარაკეტო თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ.
- ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა მასშტაბის შეტაკებებთან გვაქვს საქმე დასავლეთ სანაპიროზე (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინის ტერიტორია). აშკარაა მასშტაბი ბევრად მცირეა, ვიდრე ღაზას მიმართულებაზე, მაგრამ აშკარაა ამ მიმართულებითაც ხდება გამწვავება.
- არამხოლოდ ირანმა, არამედ საუდის არაბეთმაც კი ირიბად ისრაელი დაადანაშაულა მიმდინარე პროცესებში და ისრაელის სამხედრო დანაყოფებს "საოკუპაციო ძალები" უწოდა. ზოგადად, არაბული ქვეყნების უმრავლესობაში განწყობები ანტიებრაულია.
 
21 საათი ისრაელი
ფოტოზე თანამგზავრიდან გადაღებული ისრაელის ცეცხლსა და კვამლში გახვეული ტერიტორია ჩანს. ებრაული სპეციალური დანაყოფები ჰამასის მიერ დაკავებულ პოზიციებსა და ტერიტორიებს წმენდენ. მათ უკვე მოახერხეს და რამდენიმე ათეული ტერორისტი დააკავეს კიდეც.
ამასობაში ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები კვლავ დიდი ინტენსივობით გრძელდება. თითქმის ყველგან ჩართულია საჰაერო განგაში. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ამ ეტაპზე თელ-ავივია მოქცეული.
გარდა სპეციალური რაზმებისა, ხდება სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით მობილიზება. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ებრაული საჯარისო ფორმირებები ღაზას სექტორის შემოგარენში დაკავებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებენ, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფორმითა და მასშტაბით დაიწყება ოპერაცია უშუალოდ ღაზას სექტორში, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაკვეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენს.
სექტორი სულ 365 კვადრატული კილომეტრისაა. მას 2006 წლიდან ჰამასი აკონტროლებს. სექტორი მხოლოდ მიწის ზედა ტერიტორია არ არის, არამედ მის ქვემოთ მასშტაბური ბუნკერებია გათხრილი, სადაც ჰამასის წევრები იმალებიან და ფარულად გადაადგილდებიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება რამდენიმე სართულიც კი იყოს.
თუკი ისრაელის სახმელეთო იერიში მართლაც დაიწყო გამოდის, რომ წინ ძალიან რთული ურბანული ბრძოლა ელოდებათ. ასეთ შემთხვევაში ჩასაფრებების, სუიციდური თავდასხმებისა და ნგრევის ალბათობა ძალიან დიდი იქნება.
ამ ეტაპზე ებრაული ავიაცია აქტიურად ბომბავს უშუალოდ ქალაქ ღაზას. სექტორს ისრაელმა დენის მიწოდება უკვე შეუწყვიტა. ამასთან, საშიშია, რომ დღეს გატაცებულ მშვიდობიან მოსახლეობას, ისრაელის იერიშის შემთხვევაში, შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე დაუდგეთ.
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე (პალესტინის ცენტრალური ტერიტორია), რამდენიმე წერტილში მოხდა თავდასხმა ებრაულ საგუშაგოებზე. ამ მიმართულებით მასშტაბი დიდი არ არის, მაგრამ ძვრები მაინც არის.
თეირანში კი ზეიმია - ზეიმია, როგორც პარლამენტში და პოლიტიკურ წრეებში, ისე ზეიმია ქუჩებშიც.
ერთადერთი უკონტროლო საშიშროება, რომელიც ისრაელს უდგას ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან მომავალი ჰეზბოლას პოტენციური თავდასხმაა. თუკი ეს მართლაც მოხდა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. თუ როგორ იმოქმედებს ჰეზბოლა ეს დიდწილად სწორედ ირანზეა დამოკიდებული.
 
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.