ირანის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გვალვის ფონზე ღრუბლების დათესვის პროცესი დაიწყო, რა დროსაც წვიმის ხელოვნურად გამოწვევის მიზნით რეაგენტების გაფრქვევა ხდება. კერძოდ, თვითმფრინავიდან ან მიწიდან ღრუბლებში ვერცხლისა ან კალიუმის იოდიდი შეჰყავთ, რაც წყლის ორთქლის კონდენსაციას და შემდგომში ნალექის მოსვლას აჩქარებს.
შაბათს, ეს პროცესი მარილიანი ურმიის ტბის თავზე განხორციელდა, შემდეგ პროცესი აზერბაიჯანთან საზღვარზე მდებარე პროვინციებში გაგრძელდება.
ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, წელს ქვეყანაში ნალექის რაოდენობა მრავალწლიან საშუალო მაჩვენებელზე 89%-ით ნაკლებია.
დედაქალაქ თეირანში, სადაც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყალსაცავებში მარაგი 10%-ზე დაბალია. ხელისუფლება არ გამორიცხავს წყლის მიწოდების შეზღუდვას, ხოლო პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა არც მოსახლეობის ევაკუაცია გამორიცხა.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.
დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.